სამცხე-ჯავახეთის ბაღებში ორენოვანი განათლების დანერგვა დაიწყო

452

სამცხე-ჯავახეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბილინგვური განათლების საპილოტე პროგრამის დანერგვა დაიწყო, რაც ორი ენის ერთდროულად სრულყოფას გულისხმობს. აღნიშნულზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრომ შეასრულა კანონით აღებული ყველა ვალდებულება და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მონიტორინგის მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. მისივე თქმით, 2021 წელს სისტემაში პირველად,  სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვა დაიწყო, მიმდინარეობს განმავითარებელი და საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებულ ბაღებში უკვე დაწყებულია პროგრამის პილოტირება.

„ჩვენს გუნდს კარგად აქვს გააზრებული ბავშვის აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა, როგორც ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განვითარების წინაპირობა. ამიტომაც ადრეული და სკოლამდელი განათლება ჩვენი პრიორიტეტია“,-განაცხადა მან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საჭიროებებისა და მუნიციპალურ დონეზე შესაძლებლობებისა და მზაობის კვლევა მომავალში ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დანერგვის მიზნით. სამინისტროს მხარდაჭერით ძლიერდება მუნიციპალიტეტები სკოლამდელი განათლების მართვისა და ადმინისტრირების საკითხებში, ასევე საბავშვო ბაღები – საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით. პირველად სისტემაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების თვითშეფასებას და მათ ეტაპობრივ ავტორიზაციას 2022- 2030 წლებში განახორციელებს.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება. იხილეთ ვრცლად.