სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სამინისტრომ გასულ წელს 2,300,000 ლარი დახარჯა იმ აბონენტების გაზის ტარიფის სუბსიდიაზე, ვისაც ამ სუბსიდიის მიღება არ ეკუთვნოდათ.
აუდიტის განმარტებით, სუბსიდია ეკუთვნით იმ პირებს, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად ცხოვრობენ, თუმცა ფაქტობრივად სუბსიდია მიიღეს იმ აბონენტებმაც, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ მაღალმთიან დასახლებებში.
მთლიანად ამ სეგმენტზე გაცემულია 8.9 მილიონი ლარის სუბსიდია, ხოლო 2.3 მილიონი ლარი გაიცა იმ აბონენტებზე, რომელთაც აუდიტის სამსახურის შეფასებით, ეს სუბსიდია არ ეკუთვნოდათ.
“სამინისტროს აპარატის მიერ 2020 წელს ანაზღაურებულია ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება, სულ − 8,948,710 ლარი.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება უნაზღაურდებათ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას (აბონენტებს) 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, სამინისტრო თანხებს ანაზღაურებს ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების მიერ დამოწმებული ანგარიშების გადამოწმების ვალდებულება სამინისტროს არ აქვს. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სააგენტოს 5 დღის ვადაში. აუდიტის მიმდინარეობისას ანაზღაურებული თანხების სისწორის, სისრულისა და წარმოშობის დასადასტურებლად, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების შესახებ
მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 8,948,710 ლარის ხარჯიდან 2,307,396 ლარი ანაზღაურებულია ისეთ აბონენტებზე, რომლებსაც სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში არ აქვთ მუდმივად მცხოვრების სტატუსი შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ მუხლში აღრიცხული 2,307,396 ლარის წარმოშობისა და სიზუსტის შესახებ. ასევე: ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არარსებობა წარმოშობს თანხების არაეფექტიანი და არაეკონომიური განკარგვის რისკებს,”- ნათქვამია დოკუმენტში.