რა გამოწვევების წინაშე დააყენა სამცხე-ჯავახეთი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა

1119

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ბევრი ადამიანი წლებია, ცხოვრობს რუსეთში და იქედან ფინანსური გადმორიცხვებით არჩენს ოჯახებს; ბევრიც რუსეთში სეზონურ სამუშაოზე მიდიოდა. ასევე, რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები რჩება ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროდ რეგიონში. რუსეთზე დაკისრებული სანქციების გამო, ახლა არის ძალიან კარგი მომენტი, რომ ამ ხალხის ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაცია მოხდეს,”- რა გამოწვევების წინაშე დააყენა სამცხე-ჯავახეთი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა და როგორ შეიძლება ეს მომენტი სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების საქმეში სასიკეთოდ გამოიყენოს, ამ თემაზე droa.ge-სთან “დემოკრატ მესხთა კავშირის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ანდღულაძე საუბრობს.

-სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ადგილობრივმა მედიამ გაავრცელეთ მიმართვა, სადაც საუბრობთ იმაზე, რომ რუსეთის უკრაინაზე აგრესია გარკვეულ რისკს სამცხე-ჯავახეთისთვისაც წარმოადგენს, ადგილობრივი თემის რუსეთზე ეკონომიკური თუ საინფორმაციო დამოკიდებულების გამო  და ხელისუფლებას მოუწოდებთ, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი გაააქტიუროს. რა კონკრეტული გამოწვევებია რეგიონში?

-სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობა წლების განმავლობაში ეკონომიკურად რუსეთს მიება. ადამიანების დიდ ნაწილი ზაფხულში რუსეთში მიდიოდა სამუშაოდ, იქ ფიზიკურად მუშაობდა და მთელი წლის სარჩენი ფული მოჰქონდა ოჯახში. გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთიდან სომხურ მოსახლეობას რუსეთში საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს, ეს ადამიანები წლებია, რუსეთში ცხოვრობენ და იქიდან დებს, ძმებსა თუ მშობლებს ურიცხავენ ფულს. საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებულია რუსეთზე დამოკიდებულება, თანაც, არსებობს ენის ბარიერიც, სომხური მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის მხოლოდ სომხური და რუსული, ქართული  – არა, ან ძალიან ცუდად, ამიტომაც, ჯავახეთის მოსახლეობა, დიდწილად, რუსეთიდან ირჩენს თავს. შესაბამისად, წლების განმავლობაში, საკმაოდ დიდი თანხა შემოდიოდა რუსეთიდან, ეს საიდუმლო არ არის და ამას წლებია ვიძახით.

ახლა, ამ ომის და რუსეთზე დაკისრებული საერთაშორისო სანქციების შედეგად, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანები რუსეთში ვერ ნახავენ ფიზიკურ სამუშაოს, იქ მცხოვრებ დიასპორასაც გაუჭირდება თავის რჩენა, რომ აღარაფერი ვთქვათ აქაური ნათესავების რჩენასა და ფულის გადმორიცხვაზე. ვფიქრობ, რომ ეს ვითარება სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მძიმედ იმოქმედებს და სერიოზული პრობლემები გაჩნდება.

-უკვე შეიმჩნევა გადმორიცხვების კლება, ან მოსახლეობა ამბობს, რომ ვერ მიდიან სამუშაოდ?

-კი, საუბრობენ ამაზე. ისინი, როგორც წესი, მარტის დასაწყისში მიდიოდნენ ხოლმე სამუშაოდ და ამ ადამიანების დიდი ნაწილი არ წასულა. ასევე, ხშირია საუბარი, რომ ვიღაცებს ჯერ კიდევ შარშანდელი ნამუშევარი ფული აქვთ ასაღები და ვერ ახერხებენ ამას. მოსახლეობასთან რომ ვსაუბრობთ მე და ჩემი კოლეგები, რომლებიც ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ, გვეუბნებიან, რომ წელს ცოტამ თუ მოახერხა წასვლა და რომ იქ დასაქმება ძალიან გაჭირდა.

-ძირითადად, რუსეთში სამუშაოდ რა ასაკის ადამიანები მიდიან?

-65 წლამდე შრომისუნარიანი მამაკაცები მიდიან. ეს ადამიანები იკრიბებიან ჯგუფებად, არის ე.წ. ბრიგადები, ჰყავთ ხელმძღვანელი, რომელიც რუსეთში საქმეებს იღებს სამშენებლო ობიექტებზე, გზების მშენებლობებზე შეკვეთებს და დაახლოებით ასეთ საქმეებზე მუშაობენ.

-სამცხე-ჯავახეთში, დიდწილად, რუსულ საინფორმაციო არხებზე არიან დამოკიდებულები და ეს თუ ქმნის პრობლემას?

-რუსულ საინფორმაციო არხებზე მიბმა კიდევ ცალკე პრობლემაა და ეს ენობრივი ბარიერის პრობლემიდანაა გამოწვეული. არაქართულენოვანი მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტმა იცის ქართული. ჯავახეთში, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, ჯერ ისევ პოპულარულია რუსული პირველი არხი. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, როდესაც ყველაფერი ჭირდა, ჯავახეთში ელექტროენერგია მცირე ჰესების საშუალებით ჰქონდათ, ასევე, ჰქონდათ სატელიტური თეფშები და მოსახლეობა, იმ დროიდან მოყოლებული, მუდმივად რუსულ არხებს უყურებს. იმის გამო, რომ ინფორმაციას ქართულად ვერ იგებენ, ვერ ახერხებენ, გაიგონ, რა ხდება მსოფლიოში. მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ – ეს არის რუსული და სომხური არხები.

-ჯავახეთში ამ წლების განმავლობაში რეალურად რა კეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ ისწავლოს ქართული და ენის ბარიერი მაინც არ იყოს დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაციისთვის ხელის შემშლელი?

-15 წელზე მეტია, არსებობს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის კონცეფცია, რომელსაც შერიგების სამინისტრო 3-4 წელიწადში ერთხელ იღებდა და პირდაპირ გაწერილი გეგმაა, რომელ უწყებას რა უნდა გაეკეთებინა ამ ხალხის ინტეგრაციისთვის. გასულ წელს მიიღეს მსგავსი 10-წლიანი გეგმაც. არის  ქართული ენის სწავლების პროგრამები; არის ბილინგვური განათლების პროგრამები; არის, ასევე, ჟვანიას სკოლის კომპონენტი მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეებისთვის ქართულის სწავლების მიმართულებით; არის  ე.წ. 1+4-ის პროგრამა, სადაც ეთნიკური უმცირესობები ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში საკუთარ ენაზე აბარებენ მხოლოდ ერთ – უნარების გამოცდას, მინიმალური ბარიერის დაძლევის შემდეგ ირიცხებიან უნივერსიტეტებში, ერთი წელი სწავლობენ სახელმწიფო ენას და შემდეგ უკვე, რომელ ფაკულტეტსაც აარჩევენ, იქ აგრძელებენ უფასოდ სწავლას.

-ამდენი პროგრამა თუკი მუშაობს, რამდენადაა შედეგი, ახალგაზრდებმა იციან ქართული?

-არის ნაწილი, რომელმაც იცის. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამები მუშაობს, გადამწყვეტი ისაა, რაზე აკეთებს აქცენტს ოჯახი და თავად ახალგაზრდა. თუკი აკეთებს აქცენტს, რომ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა სჭირდება, მაშინ სწავლობს და  ქართულადაც კარგად საუბრობს. თუმცა, განსაკუთრებით სოფლებში, თავის რჩენაზე, ფულის შოვნაზე კეთდება აქცენტი. მშობლები ბავშვობიდან ასწავლიან შრომას, რაც ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომ აქცენტი მაინც უფრო რუსეთისკენ კეთდება, ფულს რუსეთში უკეთ შოულობენ. შესაბამისად, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამაც სახელმწიფო ენა არ იცის.

-სამცხე-ჯავახეთში ადგილზე დასაქმება რამდენად პრობლემურია?

-ახალქალაქზე ბაქო-ყარსის რკინიგზამ გაიარა და იყო ამ რკინიგზის დიდი იმედი. საუბარი იყო, რომ ახალქალაქში სადგური აშენებულყო. აქ საბჭოთა სტანდარტის ლიანდაგები იყო, უფრო განიერი და ევროპულ სტანდარტზე უნდა გადაწყობილიყო, მათ შორის – ვაგონებიც. საუბარი იყო, რომ ტვირთები დაიწყებდა დენას და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდებოდა მუშახელად. თუმცა, რკინიგზა ვერ ამუშავდა, სულ რამდენიმე შემადგენლობამ გაიარა. სხვა სამსახური კი არაფერია, არის საჯარო სექტორი და არის სოფლის მეურნეობა.

-რადგან ამ რეგიონში ეთნიკურად არაქართული მოსახლეობაა,  ხშირად ისმის საუბარი, რომ სეპარატისტული განწყობების გაღვივების რისკებიც არსებობს. ამაზე რას იტყოდით?

-არ გამოვრიცხავ, რომ არიან ასეთი ადამიანები, ასეთი ჯგუფები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, თუმცა, ეს მასობრივი არ არის და რეალურად, არ ვთვლი, რომ  მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან შორს დგას. 2008  წლის მაგალითი გვაქვს, როდესაც რუსეთთან ომი გვქონდა და ახალქალაქში არაფერი მომხდარა. პირიქით, ძალიან ბევრმა სომხურმა ოჯახმა და მთლიანად თემმა მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდნენ ადამიანებს. ჯერ კიდევ შემოუსვლელ კარტოფილს ნაადრევად იღებდნენ, რომ უფასოდ დაეტვირთათ მანქანები და  დაზარალებული ხალხისთვის გაეგზავნათ.

-სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო სექტორი რას ითხოვს ხელისუფლებისგან, როგორ შეიძლება რუსეთის აგრესიის გამო რეგიონში გამოწვეული რისკების სასიკეთო მიმართულებით მოტრიალება? რა უნდა გაკეთდეს?

-ახლა არის ძალიან კარგი  მომენტი, რომ ამ ხალხის ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაცია მოხდეს და ასევე, არის შანსი, რომ ამ ადამიანებმა უფრო კარგად დაინახონ, რა სიკეთეების მოტანა შეუძლია ევროპას. რამდენიმე წელია, სახელმწიფო ხელშეწყობით დაიწყო პროგრამა და მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში დასასაქმებლად უშვებენ, იგივე პოლონეთსა თუ გერმანიაში. უმცირესობების ამ პროგრამაში ჩართვით ეს ხალხი დასაქმდება, შემოსავალს მიიღებს და შეძლებს, ნახოს განსხვავება ევროპასა და რუსეთს შორის. თავისი თვალით შეძლებენ, შეადარონ სიტუაცია ევროპასა და რუსეთში, შრომის პირობები ევროპასა და რუსეთში და ბოლოს და ბოლოს, რუბლს და ევროს შეადარებენ, რასაც ისინი გამოიმუშავებენ. ეს პირდაპირ იქნება ევროპის კარგი პროპაგანდა, ევროპული სიკეთის დანახება ამ ხალხისთვის. მეორე სიკეთეა ის, რომ ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან მშენებლობა და შესაძლებელია, ქართულ სამშენებლო კომპანიებთან მათი დაკავშირება და დასაქმება მოხდეს. ახალქალაქის ან ნინოწმინდის სოფლებიდან 5-7-კაციანი ჯგუფი თუ წავა, თუნდაც ბათუმში სამუშაოდ, იმათ ქართულ მოსახლეობასთან თვეობით ექნებათ კონტაქტი, მოუწევთ ქართველების უკეთ გაცნობა, ერთმანეთის ტრადიციების გაცნობა, დამეგობრება და ეს გაცილებით მეტ ინტეგრაციას მოიტანს. ამიტომაც, ახლა არის კარგი დრო, ხელისუფლება გააქტიურდეს და მოხდეს ამ ადამიანების დაკავშირება იმ მშენებელ კომპანიებთან, უცხოურ კომპანიებთან, ვინც საქართველოს მოქალაქეებს ასაქმებს. ამით დაეხმარებიან ამ ხალხს, შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ და ამასთან, ევროპასა და საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ინტეგრაციას მოახდენენ მარტივად.

-თავად ადგილზე, რეგიონში, თუნდაც ტურისტული პოტენციალის გამოყენებით, რამდენად შესაძლებელია ამ ადამიანების დასაქმებაში წვლილის შეტანა?

-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია. ჯავახეთი ტბებით ყველაზე მდიდარი რეგიონია. სხვადასხვა ტიპის ტურისტების მოზიდვა შეიძლება. არსებობს გადამფრენ ფრინველებზე დამკვირვებლების ჯგუფი, ძალიან ძვირადღირებული ტურიზმია და ამ მიმართულებით შეიძლება ბევრი რამის გაკეთება. არის აბულის მთა, იქ საინტერესო ციკლოპური ნაგებობებია. ბევრი ქართველისთვისაც კი უამრავი უცნობი ადგილია. სახელმწიფომ ჯავახეთის დაცული ტერიტორიები შექმნა, ტურისტული ცენტრიც გახსნა, მაგრამ სხვა – არაფერი, არც რაიმე კამპანია და რეკლამა. ზურგჩანთიანი და ველოსიპედიანი ტურისტი თავისთვის თუ გაივლის ჯავახეთს, სხვა არაფერი მინახავს. ტურიზმის ხელშეწყობა თუ მოხდება, ჯავახეთში ისეთი ფონია, რომ  ეკონომიკის ტურიზმთან შესაბამისობა ძალიან სწრაფად დაიწყება, იგივე ინფრასტრუქტურის,  სასტუმროებისა და რესტორნების მოწყობა. ამის გამოცდილებაც არის. ადგილობრივი მოსახლეობა როცა რკინიგზისთვის ემზადებოდა, ბევრი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, იმედი ჰქონდათ, რომ რკინიგზა გამოაცოცხლებდა ქალაქს, თუმცა, ეს პროექტი მთელი ძალით არ ამუშავდა. თუ დაინახავენ, რომ ტურიზმის თემა გააქტიურდება, სწრაფად გადაეწყობიან ამაზე.

-თავად ახალგაზრდობაში არის სურვილი, რომ რუსეთთან ეკონომიკური ბმა ქართულით ჩანაცვლდეს?

-არაერთგვაროვანი განწყობებია. ახალგაზრდები გაცილებით არიან მონდომებულები, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს მათი პოტენციალის რეალიზება. ასაკიან ხალხს ცოტა შიშები აქვს, რომ ამ ინტეგრაცია ასიმილაცია არ გამოიწვიოს, არ დაკარგონ ენა.