სურვილების გრძელი სია მიზერულ თანხად – რა სურთ მუნიციპალიტეტებს რეგიონული განვითარების სააგენტოებისგან 

1214

წინა სტატია

ავტორები: ანი გუგეშაშვილი; მაგდა პოპიაშვილი

რეგიონის პოპულარიზებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის რამდენიმე რეგიონში სხვადასხვა წელს რეგიონული განვითარების სააგენტოები დაფუძნდა, თუმცა, მათი საქმიანობა რეგიონების საჭიროებებს ვერ პასუხობს, ვინაიდან, მათი ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც ორგანიზაციების დაფუძნებისას მუნიციპალიტეტბმა წინასწარ შეადგინეს, სათანადოდ არაა განსაზღვრული, ზოგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო სამსახურების ფუნქციებთანაა დუბლირებული და ილუზია იმისა, რომ 5 ორგანიზაციის დაფუძნებით, რომელიც ბოლო 5 წელში ჯამურად 2.9 მილიონამდე ლარით დააფინანსეს, რეგიონების ეკონომიკა გაუმჯობესდებოდა, კვლავ ილუზიად დარჩა. 

რეგიონული განვითარების 5 სააგენტოს დაფინანსებაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2016-2020 წლებში, ჯამურად 2 866 400 ლარი დაიხარჯა, მუნიციპალიტეტების მიერ მათთვის განსაზღვრული სფერო და მიზნები კი სააგენტოების ბიუჯეტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება.

როდის და რა მიზნით დაარსდა რეგიონული განვითარების სააგენტოები?

რეგიონული განვითარების სააგენტოები ათი რეგიონიდან მხოლოდ ოთხშია დაფუძნებული. აქედან ერთ რეგიონში 2 სააგენტოც კი დაუფუძნებიათ. კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო 2005 წელს დააფუძნეს. 14 წლის შემდეგ კი, 2019 წლის თებერვალში, მას რეორგანიზაცია ჩაუტარდა და კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია “ვიზით კახეთად” გარდაიქმნა, თუმცა, ორგანიზაციას მანამდე არსებული ფუნქცია-მოვალეობები შეუნარჩუნდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო 2007 წელს არის დაფუძნებული; ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო – 2012 წელს; ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებმა დააფუძნეს, – 2014 წელს, თუმცა, 2016 წელს ამავე მუნიციპალიტეტებმა ახალი ა(ა)იპ − მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოც დააარსეს.

იმის გამო, რომ რეგიონის დონეზე საქართველოში თვითმმართველობა არ არსებობს, რეგიონული განვითარების პროგრამების განხორციელება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს უწევთ. საქართველოს კანონმდებლობით, დღეს არსებული მთავრობის წარმომადგენლებს – სახელმწიფო რწმუნებულებს და მათ აპარატებს რეგიონებში მხოლოდ ზედამხედველობის და კოორდინაციის ფუნქცია აქვთ. ვინაიდან ისინი იურიდიული პირები არ არიან, მათ არ გააჩნიათ საინვესტიცო, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების შედგენის, მათი განხორციელების და ხელშეკრულების გაფორმების უფლება.

2013 წელს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ახალი ტალღა დაიწყო და ორდონიან თვითმმართველობაზე ახალმა ხელისუფლებამაც უარი თქვა, გამოსავლის სახით შემუშავდა ალტერნატიული მოდელი, რომლითაც მუნიციპალიტეტები ერთობლივად დააფუძნებდნენ იურიდიულ პირს (ა(ა)იპ-ს), რომელიც რეგიონის დონეზე თვითმმართველობის გარკვეულ ფუნქციებს იტვირთებდა. თუმცა, ეს მოდელი ჩავარდა. მოგვიანებით, აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების შესაბამისად, მომზადდა ცალკე კანონპროექტი, რომელსაც რეგიონული განვითარების სააგენტოების უფლებამოსილებები და საქმიანობა უნდა განესაზღვრა და რეგიონულ დონეზე არსებული ლუფტი მინიმალურად მაინც შეევსო, მაგრამ საბოლოოდ, ეს პროექტიც ჩავარდა. შესაბამისად, რეგგანვითარების სააგენტოები, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, ყველა რეგიონში არც კი არსებობს, უფუნქციო, არაეფქტურ, რამდენიმე ადამიანის დასაქმების ა(ა)იპ-ებად დარჩა.

მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტებს, საკუთარ უფლებამოსილებათა ეფექტიანი განხორციელების, მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის, თავიანთი საქმიანობის კოორდინაციისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, უფლება აქვთ, დააფუძნონ ერთობლივი ა(ა)იპ-ები.

კანონმდებლობითვე, აღნიშნულ ა(ა)იპ-ებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტებიდან აფინანსებენ, უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების სფეროში, ორგანიზება გაუწიონ ერთობლივ ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში, ითანამშრომლონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან), აგრეთვე, დაამყარონ ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შესაბამის უცხოურ კავშირებთან (ასოციაციებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

რა ევალებათ რეგგანვითარების სააგენტოებს?

რეგიონული განვითარების სააგენტოებს ევალებათ: რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ბიზნესგარემოს შესწავლა, საინვესტიციო გარემოს შეფასება, ინვესტიციების მოზიდვისა და წახალისების ხელშეწყობა, საინვესტიციო წინადადებების ფორმულირება; სახელმწიფო, თვითმმართველობის ორგანოების, კერძო სექტორის წარმომადგენლების კომუნიკაციისა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, დამწყები, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება.

ამ მიზნების მისაღწევად სააგენტოებს სხვადასხვა მიმართულებით უნდა ემუშავათ: ჩაეტარებინათ კვლევები, შეესწავლათ რეგიონის განვითარების საჭიროებები, მოემზადებინათ წინადადებები და პროექტები, ხელი უნდა შეეწყოთ შიდა და უცხოური გრანტების, ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვისათვის, სამუშაოები ჩაეტარებინათ რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის, მხარი დაეჭირათ მეწარმეებისათვის მათთვის საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა დახმარებების სახით, გამოევლინათ ბიზნესპარტნიორები და წარედგინათ ისინი ინვესტორებისათვის.

ასევე, საქმიანობის განხორციელებისას სააგენტოებს აქტიურად უნდა გამოეყენებინათ სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმა კომუნიკაციისთვის, რეგიონის სამეწარმეო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გაზიარებისთვის და სხვა.

გარდა საერთო მიზნებისა, ორგანიზაციებს განესაზღვრათ სხვა სპეციფიკური ამოცანებიც, გრანტების მოზიდვიდან დაწყებული, ეკოლოგიისა თუ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებით დამთავრებული.

რამდენად მკაფიოდ არის განსაზღვრული სააგენტოების უფლებამოსილებები?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სააგენტოების წესდებების შესწავლის შემდეგ, დაადგინა, რომ აღნიშნული ა(ა)იპ-ების ფუნქცია-მოვალეობები, ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების მერიების, ან სხვა სახელმწიფო სამსახურების ფუნქციებთან დუბლირებულია.

მაგალითად, სააგენტოებისა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების ფუნქციათა დუბლირება ხდება შემდეგ სფეროებში:

ცხრილში მოყვანილი მაგალითების გარდა, ფუნქცია-მოვალეობები იკვეთება სხვა შემთხვევებშიც:

  • სამეწარმეო საქმიანობისათვის თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებაა, თუმცა, წესდებით, ეს ფუნქცია კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას – “ვიზით კახეთსაც” დაევალა;
  • განათლების, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის განვითარებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მხარდაჭერა კულტურის/სპორტის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მიზანია; იგივე მიზანი წესდებით ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოსაც განესაზღვრა.
  • მცირე და საშუალო საწარმოების ინფორმირებას საექსპორტო პროცედურებსა და შესაძლებლობებზე სსიპ “აწარმოე საქართველო” უზრუნველყოფს; ამავე ამოცანის შესრულება ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოებსაც ევალებათ;
  • რეგიონული ეკონომიკური განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელებისას ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა პროგრამის შესაბამისი განმახორციელებლების ვალდებულებაა, თუმცა, იმავე ამოცანის გადაჭრა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოებსაც განესაზღვრათ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტებს ა(ა)იპ-ები სათანადო გაანალიზებისა და დეტალური გათვლების გარეშე აქვთ დაფუძნებული, შესაბამისად, არ გამიჯნულა უფლებამოსილებები, რამაც ფუნქცია-მოვალეობების დუბლირება გამოიწვია. “ახალი ორგანიზაციის დაფუძნება მაშინ, როდესაც უკვე არსებობს მსგავსი ფუნქციებით სხვა ორგანიზაცია, მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სპეციალიზებული იქნება მოცემულ საკითხებზე და უფრო უკეთესად, ეფექტიანად შეძლებს მის განხორციელებას. ამასთანავე, საქმიანობა უნდა წარიმართოს კოორდინირებულად, სააგენტოებმა ითანამშრომლონ ანალოგიური ფუნქციების მქონე ორგანიზაციებთან, დეტალურად გაიწეროს ერთობლივად ჩასატარებელი სამუშაოები”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აქვთ თუ არა სააგენტოებს სტრატეგიული დოკუმენტები და დეტალური გეგმები?

წესდებებით დადგენილი მიზნების მისაღწევად, სათანადო კვლევების საფუძველზე, ორგანიზაციებს უნდა მოემზადებინათ სტრატეგიული დოკუმენტები, რომლებიც საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავდა. ამასთან, ორგანიზაციებს საშუალებას მისცემდა, წინასწარ შეეფასებინათ დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობები და ხელის შემშლელი ფაქტორები, დამფუძნებელი მუნიციპალიტეტებისთვის კი, სათანადო ინფორმაციის წყარო იქნებოდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება ყველა რეგიონული განვითარების სააგენტოს ვალდებულება იყო, აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ამგვარი დოკუმენტი მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფუძნებულ ორგანიზაციებს აქვთ მომზადებული და ისიც – არასრულყოფილად. აღნიშნული დოკუმენტები არ პასუხობს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რასაც ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვის დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების მიერ მომზადებული სტრატეგია არ არის გრძელვადიანი და არც სამოქმედო გეგმა ახლავს. ასევე, დოკუმენტში შეფასებული არ არის რეგიონში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, შესაძლებლობები და სხვა საჭიროებები, არ წერია, თუ როგორ შეასრულებს წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მხოლოდ განსახორციელებელი პროექტებია ჩამოთვლილი. მაგალითად: ჰუმანიტარული დახმარებების გადაცემა მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე და შშმ პირებზე; ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის 3D ექოსკოპიის პორტატული აპარატის მოძიება; მცხეთის მუნიციპალიტეტის ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა და სხვა.

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს, მართალია, მას სტრატეგია შემუშავებული აქვს, მაგრამ ვერც ის დგინდება, რამდენწლიანია ეს დოკუმენტი, ვერც ის, თუ როგორ აპირებს ორგანიზაცია დასახული მიზნების მიღწევას და რაც მთავარია, გაურკვეველია, საერთოდ ფუნქციონირებს თუ არა ეს ორგანიზაცია ისევ. როგორც აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, მცხეთა-მთიანეთის რეგგანვითარების სააგენტო 2018 წლიდან დამფუძნებელი მუნიციპალიტეტებისგან დაფინანსებასაც კი აღარ იღებს.

რაც შეეხება დანარჩენ სამ სააგენტოს, მათ სტრატეგიები და დეტალური გეგმები საერთოდ არ მოუმზადებიათ. შესაბამისად, არ აქვთ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები და სამუშაო პროგრამა დასახული მიზნების მისაღწევად. 

რა თანხები დახარჯეს მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შექმნილი ()იპების საქმიანობაზე?

როგორც აღმოჩნდა, 5 წლის განმავლობაში რეგგანვითარების 5 სააგენტოდან დაფინანსებას მხოლოდ სამი იღებდა, დანარჩენი ორის დაფინანსებაზე კი მუნიციპალიტეტებმა უარი ისე თქვეს, რომ მათი საქმიანობის შედეგები არც კი განუხილავთ. ასევე, აღმოჩნდა, რომ სამი ორგანიზაციის – კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოების მიერ ამ წლებში დახარჯული 1 680 000 ლარიდან (ამ თანხაში არ შედის “ვიზით კახეთის” დმო-დ გადაკეთების შემდგომ მიღებული დაფინანსება) 88% ხელფასებსა და სხვადახვა ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდა და მხოლოდ 12% დაიხარჯა ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების ჩატარება, კვლევების მომზადება, საგამომცემლო საქმიანობა, ციფრული რუკების და მსგავსი მასალების შექმნა, რეგიონის რეკლამირება და სხვა.  მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი სახსრების გარდა, სააგენტოებს მცირე თანხები გრანტებითაც აქვთ მიღებული.

“ვიზით კახეთს”, რომელიც 2019 წლამდე კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო იყო, 2016−2020 წლებში შემოსულობის სახით 1,025.0 ათასი ლარი აქვს მიღებული. მათ შორის, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული დაფინანსება 968 400 ლარია, გრანტი კი – 46 600 ლარი.

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს 2016−2020 წლებში დაფინანსების სახით 1,206.2 ათასი ლარი მიუღია, საიდანაც მუნიციპალიტეტებისაგან მიღებული დაფინანსება 1,205.0 ათასი ლარია, ხოლო გრანტი – 1.2 ათასი ლარი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო კი, რომელიც 2007 წელს არის დაფუძნებული, სამცხე ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს 2016-2020 წლებში საერთოდ არ დაუფინანსებიათ და ის, პრაქტიკულად, არ ფუნქციონირებს.

ანალოგიურ მდგომარეობაშია მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოც, რომელსაც მუნიციპალური ბიუჯეტებიდან 2018 წლის შემდეგ 1 თეთრიც არ მიუღია. მანამდე 2 წლის განმავლობაში კი მხოლოდ 45 000 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებას, ის თავდაპირველად, 2014 წელს, მხლოდ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა, 1 წელში კი მას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ. 2016−2020 წლებში აღნიშნულმა ა(ა)იპ-იმ დაფინანსების სახით 590 200 ლარი მიიღო.

რა ქონება გადასცეს რეგგანვითარების სააგენტოებს მუნიციპალიტეტებმა? 

იმისათვის, რომ რეგგანვითარების სააგენტოებს ეფექტურად ემუშავათ, მუნიციპალიტეტებმა, როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციებისთვის ქონება არ დაიშურეს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებმა ა(ა)იპ-ებს 2 400 000 ლარის უძრავი ქონება გადასცეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს 2014 წელს – 316 200 ლარის ღირებულების, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს – ჯერ 2016 წელს – 473  400 ლარის, შემდეგ კი, 2017 წელს, 1 601 400 ლარის ღიებულების ქონება გადაეცათ.

ეს ქონება სააგენტოებს სასწავლო და ინოვაციების ცენტრების მოსაწყობად უნდა გამოეყენებინათ –  უნდა მოეწყოთ სოციალური სამეწარმეო ზონა, რამდენიმე სტადიონი, სათბურები, ამფითეატრი, რეკრეაციული ზონები და ა.შ., თუმცა, პროექტები არ განხორციელებულა.

საინტერესო კი ის არის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ორივე სააგენტოს მუნიციპალიტეტებმა  დაფინანსება ისე შეუწყვიტეს, რომ არ შეუსწავლიათ, რატომ არ მოეწყო მათ მიერ გადაცემულ ქონებაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურა. მუნიციპალიტეტებს, ასევე, არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები იმისათვის, რომ აღნიშნულ ა(ა)იპ-ებს გადაცემული ქონება ეფექტიანად გამოყენებინათ. დაფინანსების შეწყვეტამდე დამფუძნებელ მუნიციპალიტეტებს არც ის შეუსწავლიათ, თუ რატომ ვერ მიაღწიეს სააგენტოებმა დასახულ მიზნებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, სააგენტოების წინასწარი გათვლებისა და დასაბუთების გარეშე დაფუძნების გადაწყვეტილება იყოს, ანდა სააგენტოებმა უბრალოდ ვერ შეძლეს მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

რას აკეთებენ რეგიონული განვითარების სააგენტოები მეწარმეების მხარდასაჭერად?

მაშინ, როცა მუნიციპალიტეტებმა რეგიონული განვითარების სააგენტოებისთვის მიზნების სია შეადგინეს, გადაწყდა, რომ მათთვის მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერაც დაევალებინათ, რომლის მიხედვითაც, სააგენტოები დამწყებ და მცირე მეწარმეებს უნდა დაეხმარონ კონტაქტების დამყარებაში, გაუწიონ კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე, ჩაუტარონ ტრენინგები ბიზნესგეგმის შედგენის, ახალი ბაზრების, პარტნიორების, მომხმარებლების იდენტიფიცირების, მომსახურების თანამედროვე სტანდარტების, მარკეტინგისა და მართვის უნარების, ბიზნესის სფეროში მოქმედი რეგულაციების, საბუღალტრო/საგადასახადო საკითხების შესახებ. ასევე, დამფუძნებელი მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებით, სააგენტოებმა უნდა დანერგონ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების საშუალებები (ფორუმები, საქმიანი შეხვედრები, გამართული ვებგვერდი და სოციალური ქსელები).

და მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოების შექმნამდე მეწარმეების მხარდასაჭერი დიდი სია შედგა, აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რეგიონული განვითარების სააგენტოებს იმის გამოსავლენად, თუ რა მიმართულებებით ესაჭიროებოდათ მეწარმეებს დახმარება, კვლევაც კი არ ჩაუტარებიათ. ამასთან, სააგენტოები, ძირითადად, ჩართული არიან ისეთ ღონისძიებებში, რომელთა განხორციელება ევალებათ რეგიონში არსებულ სხვა დაწესებულებებს. მათ მიერ შესრულებული სამუშაოები კი მხოლოდ რამდენიმე კონსულტაციას და ტრენინგს მოიცავს. მაგალითად:

ა(ა)იპ − ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ კონსულტაცია გაუწია 200-ზე მეტ ფერმერს საოჯახო პირობებში პროდუქციის დამზადების სტანდარტების შესახებ, ხოლო, 92 ბენეფიციარს − სამართლებრივი და საგადასახადო კუთხით, თუმცა, არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელითაც ჩატარებული კონსულტაციები დასტურდება.

ამავე სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, რეგიონში დამწყებ ფერმერებს, მეწარმეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს აწვდიდნენ სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უწევდნენ შესაბამის კონსულტაციას. თუმცა, ანალოგიური მიმართულებით რეგიონში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ფუნქციონირებს.

ასევე, სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაცია ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას უწევდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში (“აწარმოე საქართველოში”, “დანერგე მომავალი”) მონაწილეობის მსურველ პირებს. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროგრამები თავად ითვალისწინებს საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარების გაწევას. შესაბამისად, სააგენტო ახორციელებდა აქტივობებს იმ მიმართულებით, რაც სხვა სახელმწიფო ორგანიზაციის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

რეგიონული განვითარების სააგენტოები ხარვეზებით ასრულებენ მოვალეობას ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაში კი ჩანს, რომ სააგენტოები აქტიურად არ არიან ჩართულები გამოფენებში, კონფერენციებსა და ფორუმებშიც. 

ინფორმაცია 2016-2020 წლებში სააგენტოების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ

გარდა იმისა, რომ სააგენტოები არ მონაწილეობენ ფორუმებსა და გამოფენებში, ასევე, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სააგენტოებს შეფასებული არ აქვთ რეგიონების საინვესტიციო შესაძლებლობები, ასევე, მომზადებული არ აქვთ საინვეტიციო პოტენციალის მქონე ობიექტებისა და ინვესტორების ბაზაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტოები არასათანადოდ ოპერირებენ ინტერნეტსივრცეში. მათ არ აქვთ, ან არასათანადოდ აქვთ ათვისებული ციფრული მარკეტინგის საშუალებები. მათი ვებგვერდები და სოციალური ქსელები კი, ფუნქციონირებს ხარვეზებით, ამასთან, არ აქვთ განთავსებული ყველა საჭირო მონაცემი და საიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, იმის შესაძლებლობა, რომ უცხოელი ტურისტი ანდა პოტენციური ინვესტორი რეგიონით დააინტერესონ, ნულის ტოლფასია.

ინფორმაცია რეგგანვითარების სააგენტოების ვებგვერდებზე ინფორმაციის განთავსების შესახებ

სააგენტოების შეუსრულებელ ან ცუდად შესრულებული სამუშოების გრძელ სიას ისიც ემატება, რომ ზოგიერთ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტს შორის არ ფიქსირდება წერილობითი კომუნიკაცია, ან მათ შორის არსებული კომუნიკაცია მხოლოდ დაფინანსების მოთხოვნით გაგზავნილ წერილებს მოიცავს. ამასთან, სააგენტოებს არ აქვთ დამფუძნებელ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა რეგიონის განვითარების საჭიროებები, ინიციატივები, პროექტები და სხვა.

რაც შეეხება თავად დამფუძნებელ მუნიციპალიტეტებს, აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ჩართულობა სააგენტოების საქმიანობაში, როგორც პარტნიორისა და ზედამხედველისა, არასაკმარისი და არასათანადოა, ვინაიდან, არ აანალიზებენ და არ აფასებენ სააგენტოების მიერ განხორციელებული საქმიანობას. რამდენიმე მუნიციპალიტეტი კი, პრაქტიკულად, არ ფლობს ინფორმაციას მათ მიერ დაფუძნებულ სააგენტოს საქმიანობაზე.

ინფორმაცია სააგენტოების საქმიანობის ანგარიშგების შესახებ 2016-2020 წლებში

მუნიციპალიტეტებისთვის მოპოვებული გრანტის ერთადერთი კარგი მაგალითი

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ერთადერთი ა(ა)იპ-ი, რომელმაც, მიზერული ბიუჯეტის ფარგლებშიც კი, მუნიციპალიტეტებისთვის გრანტის მოპოვება და რეგიონის განვითარების ხელშეწყობა მოახერხა, მცხეთა-მთიანეთში მოქმედი “ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებაა”. ამ ორგანიზაციამ საქმიანი კონტაქტები დაამყარა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთანაც წლების განმავლობაში ეფექტიანად თანამშრომლობდა.

სააგენტო, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამზადებდა პროექტებს და დაფინანსებისთვის საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარადგენდა. შედეგად, მცხეთა-მთიანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში 2016−2020 წლებში გრანტების სახით 1 548 500 ლარის მობილიზება მოახერხა და ამ თანხებით მუნიციპალიტეტებმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს. ასევე, სააგენტოს ჩართულობით, მუნიციპალიტეტებმა 147 400 დოლარის ღირებულების ქონება მიიღეს. ამ თანხებით შესაძლებელი გახდა შშმ პირებისთვის გადაადგილების სხვადასხვა საშუალებისა და ტექნიკის შეძენა. გარდა ამისა, ორგანიზაციის მოპოვებული გრანტის ფარგლებში, წყლის სისტემებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაწყებულია 2 150 000 ათასი ლარისა და 301 000 ათასი დოლარის ღირებულების პროექტები.

როგორია უცხოური გამოცდილება?

სად არის გამოსავალი?

როგორც ანალიზიც ცხადყოფს, რეგიონული განვითარების სააგენტოების ამ ფორმით არსებობა და მათზე თუნდაც მიზერული თანხების დახარჯვა არაპროდუქტიულია, ვინაიდან ვერც ის რეგიონები, რომლებშიც აღნიშნული სააგენტოები საქმიანობენ, ვითარდებიან და მუნიციპალიტეტებიც, საკუთარი ისედაც მწირი ბიუჯეტებიდან თანხებს უმიზნოდ ხარჯავენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სააგენტოების ფუნქცია-მოვალეობებისა და განხორციელებული საქმიანობის ანალიზის
საფუძველზე, იმსჯელონ და შეაფასონ სააგენტოების წესდებით განსაზღვრული მიზნების მიღწევის მდგომარეობა. გამოიკვლიონ დასახული მიზნების შეუსრულებლობის მიზეზები და დაგეგმონ ღონისძიებები სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად. საჭიროების შემთხვევაში კი, განიხილონ ორგანიზაციების რეფორმირების საკითხი.

“რეგიონული განვითარების სააგენტოების როლის/ფუნქციების ოპტიმალურად განსაზღვრის შემდეგ, სააგენტოებთან ერთად შეიმუშაონ სტრატეგიული და დეტალური გეგმები, რომლებიც უზრუნველყოფს წესდებით მათთვის დავალებული მიზნების მიღწევას. რეგულარულად გასცენ მათზე დავალებები, ხელი შეუწყონ სააგენტოებისა და მსგავსი ფუნქციების მქონე სახელმწიფო სტრუქტურების ინტენსიურ, კოორდინირებულ თანამშრომლობას. აღნიშნული უზრუნველყოფს სააგენტოების როლის გაზრდას რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, მეწარმეთა მხარდაჭერის მიმართულებით”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

თუმცა, რამდენად შეუწყობს ხელს ამ რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებაც კი რეგიონების რეალურ გაძლიერებას, რთული საკითხია. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” დადგენილი ინტერმუნიციპალური ა(ა)იპ-ების შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ მუნიციპალური უფლებამოსილებების ფარგლებში ხდება და რეალურად ვერ გადაჭრის რეგიონის დონეზე არსებულ პრობლემებს.

უმთავრესი პრობლემა კი კვლავ პოლიტიკური ნებაა, ნება იმისა, რომ რეგიონის დონეზე მართლაც გაჩნდეს მეორე დონის ადგილობრივი თვითმმართველობის სრულფასოვანი ორგანოები, რომლებიც რეალურად იზრუნებენ რეგიონების გაძლიერებაზე. სწორედ ამ რეფორმას შეუძლია, გადაჭრას რეგიონული განვითარების პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც დღეს ყველა სამინისტრო და მათი საქვეუწყებო დაწესებულებები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები და რეგგანვითარების სააგენტოები ცალცალკე ცდილობენ.