მარნეულსა და ბოლნისში შემოწმებულ 20 ათასზე მეტი ადამიანიდან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა

663

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იმ ადამიანებისგან, ვისაც სიცხე დაუფიქსირდა, საყურადღებო მხოლოდ ორია.

„იცით, რომ დავიწყეთ ინფორმირებასთან ერთად გარკვეული შემოწმებები ორივე რაიონის. ჯგუფებმა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებითა და მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს და ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. აქედან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო ორი და შესაბამისად ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში მარნეულში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.