ზუგდიდის მერია ოთხ ყველაზე მოწყვლად ჯგუფში შემავალ 700-მდე ოჯახს დაეხმარება

434

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნანა ოდიშარიასთან ერთდ ბრიფინგი გამართა.

ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინო ზონების მოწყობის საკითხი დასრულდა. საკარანტინო ზონად, სადაც მოქალაქეები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან, სასტუმრო ,,პალმ-ბიჩი”, სასტუმრო ,,ანაკლია” და სასტუმრო ,,პრატაფსი” შეირჩა. ჯამში ანაკლიაში 138 ნომერი იქნება, გარდა ამისა ორი საკარანტინო სივრცე მოწყობილია მესტიაში.

„მოგესალმებით ყველას, მეც მინდა დავიწყო სამადლობელი სიტყვებით, იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსაკუთრებულ შრომას წევს ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად, ესენი არიან ექიმები ჩვენი პოლიციელები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეებს, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართულია ამ პროცესებში“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე.

მუნციპალიტეტის მერია, მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ოთხ მოწყვლად ჯგუფს დაეხმარება. ესენია, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები, მომვლელის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები და მარტოხელა, 60 წელს გადაცილებული ხანდაზმულები. მუნიციპალიტეტში ასეთი 700-მდე ოჯახია.

„სოციალური კვებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს ბიზნესმენებმა და ჩვენმა მოქალაქეებმა, ვმუშაობთ, რომ მოვიცვათ ყველა ის ოჯახი, რომელიც დარჩა სამსახურის გარეშე. ასევე, გაგრძელდება, საბავშო ბაღბის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან აუცილებელი საჭიროების გარეშე.

“სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 329 პირი, რეგიონში თვითიზოლაცია დაასრულა 63 პირმა, კარანტინში რეგიონიდან გადაყვანილია სულ 26 ადამიანი – ეს ინფორმაცია ბრიფინგზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ მედიას მიაწოდა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღიურად მუშავდება. დამუშავდა აგრარული ბაზრები, ადმინისტრაციული შენობები, სადარბაზოები, სკოლები, ბაღები და ა.შ.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. ხვალიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.