ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების ნაწილი მოვალეობას არ ასრულებს – “ნაცმოძრაობის” მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი

442

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა ზუგდიდის საკრებულოს გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, დოოკუმენტში ასახულია ის ხარვეზები და დარღვევები, რომლებსაც ისინი მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ის, საქმიანობების შესწავლისას გადააწყდნენ.

3 ოქტომბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ 2 ა(ა)იპ-ის, მათ შორის, “ზუგდიდდასუფთავებისა” და “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის”, ასევე, შპს “ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS-ის” საქმიანობის ანალიზი წარადგინა. მისი განმარტებით, აღნიშნული სამსახურები მათ იმ პრინციპით შეარჩიეს, რომ 2014 წელთან შედარებით აქ თანამშრომლების გაორმაგებული რაოდენობა ფიქსირდება. კალანდიას თქმით, სამუშაო ჯგუფს არ მიეწოდა მერიის იურიდიული პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც სრულყოფილი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

“ჩვენ არ მოგვეწოდა კანონით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია, რომელსაც მოვითხოვდით საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, ამიტომ კიდევ 1 თვით გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დროის განმავლობაში ჩვენ დავდეთ შუალედური დასკვნა, გავაკეთეთ ანალიზი, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, იქ დასაქმებული ადამიანები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და ვფიქრობთ, რომ განაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია მათთვის, არ არის სწორად განაწილებული”, – აღნიშნა კალანდიამ.

ამასთან ის ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფს აქვს გონივრული ეჭვი, სავარაუდო ფიქტიურ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რადგან სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული ადამიანები, მისი მტკიცებით, დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ.

“მაგალითად, სხვადასხვა სოფელში არ არის დალაგებული სკვერები, არ არის შესრულებული ის სამუშაო, რომელიც თითქოს კონკრეტულ თანამშრომლებს აკისრიათ, ეს გვაფიქრებინებს, რომ მათი ნაწილი ფიქტიურად არის გაფორმებული”, – თქვა კალანდიამ.

აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში სულ 12 წევრია და ყველა მათგანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. დღევანდელ სხდომას მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები დაესწრნენ. ანგარიში არ მოისმინეს “ქართული ოცნების” წევრებმა და აღნიშნული ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა.