სოზარ სუბარი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან ზოგიერთი მოქალაქე შემოვლითი გზით გადაადგილდება

487

პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან ზოგიერთი მოქალაქე შემოვლითი გზით მანქანით მაინც გადაადგილდება.

სუბარის თქმით, ყოველი ასეთი ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან მოწმდება და ჯერჯერობით, ასეთი ინფორმაცია არ დადასტურებულა. ამასთან, სუბარი არ გამორიცხავს, რომ დაფიქსირდეს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საზღვრის ფეხით გადაკვეთის ერთეული შემთხვევები.

„სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ არსებობს შემოვლითი გზები, რომლითაც მანქანები გადაადგილდებიან. ყოველ ასეთ ინფორმაციას, რაც ჩემამდე მოდის, ყოველწუთიერად ვამოწმებთ შესაბამის სტრუქტურებთან და ამ დრომდე ყველა ასეთ ინფორმაციაზე პასუხი იყო: დიახ, ვიცით ეს გზა გადაკეტილია. უბრალოდ ბოლნისიდან ან მარნეულიდან მანქანა რომ გადის ამ მიმართულებით, ხალხს ჰგონია, რომ ის წავიდა. სინამდვილეში, ისინი იძულებული არიან გაჩერდნენ ამ მუნიციპალიტეტების საზღვარზე და გამობრუნდნენ უკან. ძალიან ხშირად, ეს ინფორმაცია შეშფოთებული მოქალაქეების მხრიდან არის ხოლმე მოწოდებული, რომლებმაც დაინახეს, რომ ვიღაცამ რაიონიდან გასვლა დააპირა, თუმცა მათ აღარ იციან, რომ იმ პირმა გასვლა ვერ მოახერხა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ორი – სამი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, სადღაც მინდვრების გავლით. ვიღაცა შეიძლება ფეხით გადავიდეს, თუმცა ავტომობილებით გავლა არის შეუძლებელი.

ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ასეთი სიფხიზლე, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ხდება განგაშის ატეხვა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა გლობალურ საფრთხესთან გვიხდება დღეს ბრძოლა,“ – განაცხადა სუბარმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.