სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭერები ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ

618

წინა სტატია

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიამ ბგანბა მომიტინგეებთან შეხვედრას მართავს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულების თანამდებობის დატოვებასთან ერთად მთელი რიგი მინისტრების, ძალოვანი ბლოკის, რაიონული ხელმძღვანელების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთაურების გადადგომას ითხოვენ.

მათი განცხადებით „ქვეყნის ხელისუფლება ხელს უშლის სამართლიანი საარჩევნო კამპანიის გამართვას“.

ამასთან, ასლან ბჟანიას შტაბში აცხადებენ, რომ აქციებთან კავშირი არ აქვთ.

საპროტესტო აქციები სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. „სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილს მიაჩნია, რომ ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს.

დეფაქტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდება.