მარნეულის სოფელ წითელსოფლიდან ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენების გატანა დაიწყო

1138

წინა სტატია

რადიო „მარნეულის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდგომ მარნეულის მერიამ წითელსოფლიდან ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენების გატანა დაიწყო.

წითელსოფლელმა არამ აკოფიანმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ასახულია, თუ როგორ გააქვს სპეციალურ სამსახურს ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენები სოფლის ტერიტორიიდან.

როგორც გამოცემა წერს, 17 თებერვალს, რადიო „მარნეულის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენები იყო, რომ სახიფათო ნარჩენები წითელსოფლიდან მარნეულის მერიას 6 თვეზე მეტია არ გაჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 ივლისს, მარნეულში ძლიერი სტიქიური მოვლენის შედეგად, წითელსოფელსა და კიდევ რამდენიმე სოფელში 391 სახლის სახურავი დაზიანდა.

წითელსოფელში სახლების უმრავლესობას აზბესტის სახურავები ჰქონდა, ძლიერი სეტყვის შედეგად კი ისინი დაიმტვრა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელმა კახა რუხაიამ თქვა, რომ აზბესტის ბოჭკო ადამინის ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა, რადგან მისი შესუნთქვის შემთხვევაში ბოჭკო კიბოს გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს.

„აზბესტის ნარჩენებთან მუშაობისას დაცული უნდა იყოს სპეციალური ნორმები. აუცილებელია, რომ ადამიანს ეკეთოს აირწინაღი, რათა მის ორგანიზმში არ მოხვდეს ბოჭკო. მოხსნის დროს მთელი მასალა უნდა დამუშავდეს სველი წესით და განთავსდეს პოლიეთილენის დიდ პარკებში,“ – გვეუბნება კახა რუხია

„სენის“ წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აზბესტის ნარჩენების ქუჩაში დაყრა არცერთი წუთით არაა დასაშვები.

2019 წლის 12 ნოემბერს, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა წითელსოფლელებს პირობა მისცა, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო ნარჩენების გატანას მერია უახლოეს პერიოდში დაიწყებდა, მაგრამ მას შემდეგ სამ თვეზე მეტია გასული.