მარნეულის მუნიციაპლიტეტში, წითელსოფელში, მიმოფანტული სამშენებლო მასალები თითქმის ყველა ქუჩაზე ყრია. მომწამვლელი აზბესტი გარეთ მოთამაშე ბავშვებისთვისაც მარტივად ხელმისაწვდომია, მოსახლეობა კი უკვე სამი თვეა სიცოცხლისთვის საშიში ნარჩენების გატანას უშედეგოდ ელის. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირა“ ავრცელებს.
11 ივლისს, მარნეულში ძლიერი სტიქიური მოვლენის შედეგად, წითელსოფელსა და კიდევ რადმენიმე სოფელში 391 სახლის სახურავი დაზიანდა.
საქართველოს მთავრობამ იმ ოჯახებისათვის ვისი სახლის სახურავიც დაზიანდა, გადასახური მასალის შესაძენად 1 200 000 ლარი გამოყო. მოსახლეობას გადასახური მასალა გადასცეს, მაგრამ მათ სახლის სახურავების შეცლაში არავინ დახმარებია.
წითელსოფელში, სახლების უმეტესობის სახურავი აზბესტის მასალისაგან იყო დამზადებული. აღნიშნული მასალა კი ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველია და მისი ღია წესით გადაყრაც კი აკრძალულია. როგორც „ახალ კვირასთან“ საუბრისას შრომის, მედიცინის და ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ინგა ღვინერიამ თქვა, აზბესტის სახურავის დამტვრევისას ხდება აზბესტის ბოჭკოების გამოყოფა, რომლის ორგანიზმში მოხვედრაც ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევია.
როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სახურავების შეცვლის დაწყებისას მუნიციპალიტეტმა წითელსოფლიდან 14 მანქანა აზბესტის სახურავის ნარჩენი გაიტანა. მერიამ ნარჩენების გატანის სამუშაოები გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე შეაჩერა.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მარნეულსი მუნიციპალიტეტის მხრიდან სამინისტროში ამ თემაზე წერილი უკვე შეტანილია.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე, წერილში დაწვრილებით იქნება აღწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს მისი განთავსება ნაგავსაყრელებზე. ნარჩენები აუცილებლად უნდა შეიფუთოს ისეთი მასალით, რომ მასში წყალი არ შევიდეს და მტვერი გარეთ არ გამოვიდეს. თუ აზბესტს დაამტვრევენ ან დაჭრიან, მოქალაქემ ეს მტვერი არ უნდა შეისუნთქოს“ – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ გვეუბნებიან თუ რატომ არ მოხდა 3 თვის განმავლობაში მავნე ნივთიერების შემცველი ნარჩენების გატანა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან.