ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში წყლის გუბეები დგება

699

ზუგდიდის ახლადაღდგენილ ბოტანიკურ ბაღში წვიმის შედეგად წყალი დგება. წყლის გუბეებს ბაღის რამდენიმე ადგილზე ნახავთ. მერიის განმარტებით, პრობლემა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ამიტომ, მუშაობენ, რომ მოიწვიონ მელიორაციის სპეციალისტები და შეისწავლონ, რა ფორმით და როგორ მოაგვარონ ის უხეში ჩარევის გარეშე.

“შეიძლება წყალსაწრეტი არხების დამატებით გაყვანის საკითხი დადგეს. უფრო მარტივად, მსუბუქად რა შეიძლება გაკეთდეს, რომ უხეში ჩარევა არ მოხდეს და რაიმე დაზიანდეს, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ”, – უთხრეს “ლაივპრესს” მერიაში.

ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. განახლებულმა ბაღმა, რომლის აღდგენაზეც 12 მილიონი ლარი დაიხარჯა, პირველი დამთვალიერებლები შარშან, 29 დეკემბერს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შექმნის მიზნით საკონკურსო კომისია უკვე დაკომპლექტდა.