რატომ არ დაიწყო ზუგდიდში მთავრობის დაპირებული საცურაო აუზის მშენებლობა

839

წინა სტატია

ზუგდიდში მთავრობის დაპირებული ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა შარშან, შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტირების სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა. მუნიციპალური განვითარების ფონდში გამოცემა “ლაივპრესს” უთხრეს, რომ პროექტში გარკვეული სახის ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მათი განმარტებით, თუ ადრე საუბარი იყო მხოლოდ საცურაო აუზზე, მას ახალი სივრცეები დაემატება და აშენდება სპორტკომპლექსი, აუზი კი ამ კომპლექსის ნაწილი იქნება.
“თუ ადრე მარტო აუზს ვაკეთებდით, ახლა ემატება სივრცეები. ამისთვის საჭიროა დრო კიდევ პროექტირებისთვის. ამიტომ გაიწელა პროექტირების ვადა. მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს”, – გვითხრეს ფონდში.

მათივე ცნობით, სავარაუდოდ, პროექტირება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასრულდება. ამის შემდეგ, პროექტის შეფასების ეტაპია და უკვე ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ძველ პარკში (ყოფილი კომკავშირის პარკი) ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის აშენების შესახებ პირველი განცხადება ყოფილმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს ზუგდიდში გააკეთა. მისივე თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მთავრობა მსგავს პროექტს განახორციელებს.