ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესარჩევად საკონკურსო კომისია იქმნება. ეს გადაწყვეტილება ბაღის ადმინისტრაციამ მიიღო, როგორც განმარტავენ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. კომისია სულ 11 ადამიანით, საჯარო მოხელეებით, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კომისიის ფარგლებში ლოგოს შექმნის კრიტერიუმებს 1-9 თებერვლის ჩათვლით მიიღებენ, რომლის საფუძველზეც, სოციალური ქსელის მეშვეობით კონკურსი გამოცხადდება.
კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი იდეები 10-დან 23 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ. გამარჯვებული ნამუშევარი 28 თებერვალს დასახელდება.
ამასთან, ზუგდიდის მერიის მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი ორი პირი, მათგან ერთი მხატვარი, ან დიზაინერი. იგივე მოცემულობა ვრცელდება საკრებულოზეც.
არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ორი პირი უნდა დაასახელონ – მათ შორის ერთი, ადგილობრივი მედიიდან.
ამ კომისიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის მიერ წარდგენილი ერთი პირიც იქნება.
შოთა მესხიას სახელობის სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტიდან და დადიანების მუზეუმიდან თითო-თითო. “ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრიდან” ერთი წარმომადგენელი.
გარდა ამისა, ამავე “ბოტანიკური ბაღების ცენტრის” მიერ მოწვეული იქნება კერძო პირი – მხატვარი.
საკონკურსო კომისიის შექმნის საკითხზე დღეს, 30 იანვარს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა დაიგეგმა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია უკვე დასრულდა. თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა.