ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 50 დეპუტატია. შარშან, 2019 წელს კი ინიციატივები მხოლოდ ათმა მათგანმა წარადგინა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი, რვა ინიციატივა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თამუნა ჯიქიას ეკუთვნის. თითო-თითო ინციატივები ჰქონდათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას და წევრებს – ირუზა კაკავას, ირაკლი ლაგვილავას, ედიტა კოდუას და მამუკა ყურაშვილს.
თამუნა ჯიქიას წინადადებებია:
1 – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისდა ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანა.
2 – ზუგდიდში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენა.
3 – მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცება.
4 – საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება.
5 – საზოგადოებრივი ცენტრების გახსნა დარჩელი, ცაიშსა და ყულიშკარში.
6 – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცება.
7 – ინიციატივა შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე) უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებლო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ.
8 – ინიციატივა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სხვადასხვა ობიექტზე: რესტორნებში, კაფე-ბარებში, სასტუმროებში, მაღაზიებსა და მსგავსი ტიპის, დაწესებულებებში, სარეკლამო წარწერების ქართულ და შემდეგ უცხოურ ენაზე განთავსებაზე.
იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, სანდრო სორდიას ანგარიშზეა ექვსი ინიციატივაა. ესენია: 1 – ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ. 2 – არსებული შუქნიშნების ხმოვანი სიგნალებით აღჭურვა. 3 – საიმიჯო დაფების განთავსება. 4 – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფინანსური თანამონაწილეობის 10% დან 5% ჩამოწევა. 5 – მწვანე ბიუჯეტის კონცეფცია. 6 – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში – მერია საკრებულო, სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცება.
სამი ინიციატივა გააჟღერა გასულ წელს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ. ერთი ეხებოდა ააიპ-ების რეორგანიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფის შექმნას. მეორე გულისხმობდა ადგილობრივი ბიუჯეტის 2019 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობას ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი საკითხია გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიამ საკრებულოში ერთი წლის განმავლობაში სამი ინიციატივა წარადგინა. ერთი ეხებოდა მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცებას. მეორე ნაწულუკუს უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდების მინიჭებას, მესამე კი ფაიფურისა და საჯვაროს დასახლებებში რამდენიმე ქუჩისთვის სახელის მინიჭებას.
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას ორი ინიციატივა ეკუთვნის. ერთი ეხება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპორტული ობიექტების – მოედნების და დარბაზების სახელდების წესს, მეორე კი მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის, ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცებას.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას, მას 2019 წელს წელს მხოლოდ ერთი ინიციატივა ჰქონდა – ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის გარე იერსახის მოწესრიგებისთვის სამისამართო აბრების განთავსების თაობაზე.
ამდენივე ირუზა კაკავას, რომელიც კოკი-ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალურ ტრასაზე ევკალიპტების ქარსაცავი ზოლის დაცვას ეხებოდა.
ერთი ინიციატივა ჰქონდა ეკონომიკის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას. მისი წინადადება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბჭოთა სახელების გადარქმევას გულისხმობდა.
ერთი ინიციატივა ეკუთვნის ედიტა კოდუას – სატენდერო კომისიის მონიტორინგისთვის კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საკრებულოს წევრების, თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ.
ამდენივე მამუკა ყურაშვილსაც – ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის გამოყოფის შესახებ, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად დასუფთავების სამსახურში მომუშავე ადამიანებისთვის.
ოფიციალური ინფორმაციით, ინიციატივები უმრავლესობის სხვა დეპუტატების მსგავსად, არ ჰქონიათ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს.