რაულ ხაჯიმბა “პრეზიდენტად” კენჭისყრას აღარ აპირებს

726
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი რაულ ხაჯიმბა ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, – ამის შესახებ რუსული სააგენტოები „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ იუწყებიან ყოფილ დეფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ასლან ბარციცზე დაყრდნობით. მან “ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა” დღეს, 13 იანვარს დატოვა.

ასლან ბარციცის თქმით, რაულ ხაჯიმბამ გადაიფიქრა „უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის“ გადაწყვეტილების გასაჩივრება „სასამართლოს პრეზიდიუმში“, რადგან ამის აზრს ვერ ხედავს.

“თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უმოქმედოდ იჯდება. მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და კანონიერება”, – აღნიშნა მან.

დეფაქტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდება.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს – „სახალხო კრებას“, 12 იანვარს, გვიან საღამოს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ.

ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო და სადაც რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდნენ. ვითარება განსაკუთრებით 10 იანვარს გამწვავდა, როცა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლომ დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეცვივდნენ. ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმაც. კვირას ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა.

ხაჯიმბა ამბობდა, რომ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ თქვა, რომ ის არჩევნებისთვის მზად იყო და მომდევნო თვეებში დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. 8 სექტემბერს მეორე ტურში მოქმედმა დეფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ მეორედ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.