სოხუმში მომიტინგეები დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც აფხაზური მედია წერს, ერთ-ერთი მომიტინგე ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შენობას ზიანი არ მიაყენონ. მედია ასევე იუწყება, რომ აქციის მონაწილეებსა და შენობის ადმინისტრაციის დაცვის წევრებს შორის ფიზიკური დაპირიპირება მოხდა.
სოხუმში, ოპოზიციის მომხრეების საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყო. ისინი ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.
აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გამოცხადდეს ბათილად.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.