ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები დილიდან განახლდა, ხანძრის ქრობის პროცესში ცოცხალი ძალა, 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობაშიც. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენი და 100-მდე მეხანძრე-მაშველი.
რაც შეეხება სამეგრელოს რამდენიმე სოფელში გაჩენილ ხანძარს, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს წალენჯიხის სოფელ ფახულანში და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუშიც ხანძარი გაუჩნდა ეკალ-ბარდს, თუმცა მისი ლიკვიდაცია დროულად მოხდა. ასევე ლიკვიდირებულია ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში გაჩენილი ხანძარი.