ვოლსკი საარჩევნო სისტემაზე: ჩვენი წინადადებები მოლაპარაკებების პროცესშიც შესაძლოა, დაკორექტირდეს

606

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ჩვენი წინადადებები მოლაპარაკებების პროცესშიც შესაძლოა, დაკორექტირდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

„გუშინ უმრავლესობაში გვქონდა განხილვა და საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი გვექნება სალაპარაკო. წინასწარ ამ წინადადებების მოწოდებისთვის მზად არ ვართ, იმიტომ, რომ ამან შეიძლება გარკვეული კორექტირებები მოლაპარაკებების პერიოდშიც განიცადოს. რასაკვირველია, მოლოდინი და იმედი რომ არ გვქონდეს, აქ არც ვიქნებოდით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე იმსჯელებენ, რაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის ერთერთი კომპონენტია.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო, რომლის განხილვაც მხარეებს წინა რაუნდზე დიპლომატიურმა კორპუსმა შესთავაზა. მესამე რაუნდამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეთავაზებული წინადადება კონსტიტუციას შეესაბამებოდა და საკითხს გუნდში განიხილავდნენ, თუმცა, 15 დეკემბრის შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები მრავალმანდატიანი ოლქების უსამართლობაზე ალაპარაკდნენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტში დაარეგისტრირა.

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მაჟორიტარების სახელით, პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივა წარდგინა.