“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ 10 დეპუტატთან ერთად სრულად მაჟორიტარულ გადასვლაზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაარეგისტრირა.
ხუნდაძის თქმით, პროცედურის მიხედვით, საკანონმდებლო ნიციატივა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, რომელიც გასცემს ფორმებს აღნიშნულ საკითხზე ხელმოწერების შესაგროვებლად:
„საარჩევნო სისტემის ცვლილება კიდევ რჩება აქტუალურ თემად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში თანამოაზრეებთან ერთად უმრავლესობაში შევთანხმდით. ეს იყო ჩვენი კომპრომისული ვარიანტი, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემას ჩვენ არ შევეხებით და ის დარჩება შერეული, მაგრამ მაშინვე ჩვენ ასევე ვთქვით პირობა, რომ ჩვენ შევეცდებით დავარეგისტრიროთ საკანონმდებლო ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, ეს იქნება ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელი, ორპალატიანი. ეს მისცემს საშუალებას, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან.
ჩვენ (ოთხშაბათს) დავარეგისტრირეთ საარჩევნო ინიციატივის ჯგუფით, დავურთეთ კანონპროექტი თავისი განმარტებითი ბარათით, პროცედურულად ის გადაეცემა შესაბამის კომიტეტს. მას აქვს ერთი კვირის ვადა, რომ განიხილოს და მოგვცეს უკვე ფორმები, რითიც ჩვენ გავალთ ხალხში. მე მაქვს იმედი, რომ ხალხში მათი ნაკლებად ჟღერადი ხმა უფრო ჟღერადი იქნება და იმედი მაქვს, რომ უმეტესობა ამ საზოგადოებისა მას შეხვდება პოზიტიურად. შემდეგ ვნახოთ, რომელი პარლამენტარი არ დაუჭერს მხარს საზოგადოების ასეთ მაღალ ხარისხში მოთხოვნას,”- განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ამ საკითხზე მაჟორიტარები უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ და ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. დეპუტატის თქმით, გუნდში კონსულტაციები გაგრძელდება:
„სამწუხაროდ, შეხვედრაზე იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს ინიცირებული და განხილული, მაგრამ ჩვენ ჩვენს პრინციპს და პრინციპულ დამოკიდებულებას არ ვცვლით და გავალთ ხალხში, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებული იქნას და მხარდაჭერილი ხალხის მიერ. ამ ინიციატივას დღეს ჰყავს მომხრე საინიციატივო ჯგუფში 10 დეპუტატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ 10 დეპუტატი. უმრავლესობაში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ მე უფრო დიდ პერსპექტივას ვხედავ ხალხში“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე პასუხობს:
“მე დეტალებში ვერ შევალ, რა საუბარი გვქონდა უმრავლესობის ლიდერთან და შიგნით გუნდში. ეს არის შიდა პარტიული საკითხები. თუმცა ერთ-ერთ მოთხოვნას გაგიმხელთ, ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩაეყენებინა მას საქმის კურსში პარტიის ლიდერი, მაგრამ არ ვიცი ამას გააკეთებს თუ არა, მაგრამ ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ”, – თქვა მან.
საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ე.წ. გერმანული მოდელით კანონპროექტი ოთხშაბათს პარლამენტში ოპოზიციამაც დაარეგისტრირა.
14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.