სასტუმრო შერატონში ხვალ, 20 დეკემბერს 10:00 საათზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი იმართება. შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიმდინარეობს.
მოლაპარაკების საკითხი, ქვეყანაში შექმნილი კრიზისისის ფონზე, საარჩევნო სისტემაა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ საუბრობს, ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე, ექნება თუ არა მმართველ გუნდს ოპოზიციის მიმართ საარჩევნო სისტემაზე კონკრეტული შეთავაზება.
ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი იქნება სასაუბრო.
„პაკეტის შესახებ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ამაზე მსჯელობა გვექნება. კომპრომისებზე წასვლა და ვითარების სტაბილიზაცია ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა იქედან გამომდინარე არის, რაც საზოგადოებას აქვს, რომელსაც სტაბილურობა სჭირდება და დესტაბილიზაციის ორგანიზატორების უპირატესობა არ გამოიკვეთება ამ ვითარებაში.
პარტნიორებმა ჩვენს ოპონენტებსაც მოსთხოვეს და უთხრეს იქედან გამომდინარე, რაც სჭირდება საზოგადოებას. ეს არ არის პარტნიორი ქვეყნების ამოჩემება, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა ორივე ძალის მიმართ. მათ შორის, იმ 30 პარტიის მიმართ, სადაც ზოგი პარტიაა და ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმე, მაგრამ ეს ძალები არსებობენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საკითხები მაგიდასთან წყდებოდეს და არა – ქუჩაში. წინასწარ რაიმე პაკეტზე საუბარი დღეს არ მოხდება. უფრო მეტსაც გეტყვით, შეხვედრის წინაც არაფერი მოხდება, მხოლოდ შეხვედრის შემდეგ იქნება”, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე იმსჯელებენ, რაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის ერთერთი კომპონენტია.
მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო, რომლის განხილვაც მხარეებს წინა რაუნდზე დიპლომატიურმა კორპუსმა შესთავაზა. მესამე რაუნდამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეთავაზებული წინადადება კონსტიტუციას შეესაბამებოდა და საკითხს გუნდში განიხილავდნენ, თუმცა, 15 დეკემბრის შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები მრავალმანდატიანი ოლქების უსამართლობაზე ალაპარაკდნენ.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მრავალმანდატიანი ოლქების წარმომადგენლობითობის პრინციპი “არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის” და “საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება”.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტში დაარეგისტრირა.
გარდა ამისა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მაჟორიტარების სახელით, პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივა წარდგინა.