ოპოზიციური პარტიები დღეს ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შექმნილ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს წარადგენენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მათი თქმით, საარჩევნო სისტემის კანონპროექტი გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული, ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის პროპორციულად ნაწილდება და ამასთანავე, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემაც. ინიციატივას მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ამ ტიპის მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
ოპოზიციამ კი არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა.
გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დააანონსეს, რათა “ქართული ოცნების” დეპუტატებს პარლამენტში დაგეგმილი სხდომების მშვიდ ვითარებაში ჩატარების საშუალებას არ მისცენ. ამის გამო გუშინ პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან ჯებირები ჰქონდათ მიტანილი.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია მეორედ 26 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით კვლავ დაშალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.
აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სესიისა და ბიუროს სხდომების დღეებში პარლამენტის შენობის პიკეტირებას და ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობას ისევ განაგრძობენ.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.