“შეცვალე სცენარი” – ღონისძიება, რომელიც სამოქალაქო ინიციატივების ძალაში დაგარწმუნებთ

1077

“ერთი გადაწყვეტილება ხშირად მოქმედებათა მთელ ჯაჭვს უყრის საფუძველს. ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯს კი მთელი სცენარის შეცვლა შეუძლია. სპექტაკლზე დასწრებისას თუ ფილმის ყურებისას, ამის მოწმე არაერთხელ გავმხდარვართ. რეალურ ცხოვრებაში ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა ხშირად გვიჭირს, რადგან პრობლემები დიდია და მათ გვერდზე ჩვენი როლი უმნიშვნელო, ნაბიჯები კი პატარა გვეჩვენება. შედეგად, თავს ვიკავებთ აქტიურობისგან, მოქმედებისგან და მცდელობისგან, გავაუმჯობესოთ საკუთარი გარემო”, – ასე იწყება ღონისძიების ანონსი, რომელიც, ევროპის საბჭოს ეგიდით, შაბათს, 18 თებერვალს, 15 საათზე, მოძრაობის თეატრში გაიმართება და მიზნად სამოქალაქო ინიციატივების წახალისებას ისახავს.  

ღონისძიება – “შეცვალე სცენარი” – ინტერაქტიულ ინსტალაციებს, პერფორმანსსა და პანელურ დისკუსიას გააერთიანებს და სტუმრებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ ჩაერთონ პერფორმანსში, შეასრულონ საკუთარი როლი და დარწმუნდნენ, რომ ცვლილებებისთვის ყველა მოქმედება მნიშვნელოვანია.

ღონისძიების მეორე ნაწილი კი იმ ადამიანების გამოცდილების გაზიარებას დაეთმობა, რომელთაც სცენარის შეცვლა რეალურ ცხოვრებაში სცადეს და თავად დაინახეს შედეგები და გამოწვევები.

პერფორმანსისა და პანელური დისკუსიის მოდერატორი მებო ნუცუბიძე იქნება, ხოლო სპიკერები – თინათინ მაღედანი – სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ”, მარიამ მჭედლიშვილი – პროექტი “ჩართე” და ნანა ბაგალიშვილი – სოციალური საწარმო “ცოდნის კაფე”.

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის – “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.