შს მინისტრი: შეშას და კასრებს არ შემოვატანინებთ, 90-იანებში ნუ დაგვაბრუნებენ

655

დაიშლება ქცია, თუ დაიწყებენ გზის გადაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა განუცხადა. მისი თქმით, პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს და ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი დაიწყოს.

„დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს. რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?! შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები, ვუთხარით, რომ პირიქით, მოგეხმარებით. არა, უნდათ შეშები და „ბოჭკები“, უნდათ ჭიდაობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, პირველ აქციაზე აქტივისტებს შეშებისა და კასრების შეტანა რუსთაველის გამზირზე არ დაუშლიათ, სანამ ეს შეშა პოლიციის წინააღმდეგ არ გამოიყენეს.

ჟურნალისტებმა გომელაურს ჰკითხეს, სამართალდარღვევა იყო თუ არა შეშის შეტანა აქციაზე, რაზეც მან უპასუხა:

“სამართალდარღვევა იყო პოლიციელისთვის თავში სროლა. ქართულად არ ვლაპარაკობ? შეშას რომ შემოიტან და თავში ჩამარტყამ ადამიანს, ეს ნორმალურია?”

შს მინისტრმა ჟურნალისტებს უსაყვედურა, რომ მხოლოდ პოლიციის მიერ “ელემენტარულ მიწოლას” ხედავენ და ვერ ხედავენ იმას, თუ როგორ ძალადობენ აქციის მონაწილეები პოლიციაზე.

როგორც გომელაური ამბობს, პოლიცია ქუჩაში იქნება მანამ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

“4 დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან, დისკომფორტია, აბა რა არის? მოქალაქეებისთვის პირველ რიგში, პოლიციელებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც აქ ცხოვრობს, აქ ვინც დგანან. რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიდგებით, მათ შორის, იმ მოქალაქეების დასაცავად, ვიცნ აქციაზე დგანან. ვხედავ საჭიროებას და იმიტომ გამომყავს”, – თქვა გომელაურმა.

მისივე განმარტებით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძალა არ გამოიყენოს და მოქალაქეები მაქსიმალურად მშვიდობიანი ფორმებით დაშალოს და ასე გააგრძელებს მომავალშიც. გომელაურის თქმით, პოლიციას ამის რესურსი შემდეგ თქვეებში იმდენ ხანს ექნება, რამდენიც საჭირო იქნება. მან ოპოზიციას ქუჩის აქციების შეწყვეტისკენ და “კაბინეტებში დიალოგისკენ” მოუწოდა.

გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დააანონსეს, რათა “ქართული ოცნების” დეპუტატებს პარლამენტში დაგეგმილი სხდომების მშვიდ ვითარებაში ჩატარების საშუალებას არ მისცენ. ამის გამო პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან ჯებირები მიიტანეს.

4 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია მეორედ 26 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით კვლავ  დაშალა.  შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სესიისა და ბიუროს სხდომების დღეებში პარლამენტის შენობის პიკეტირებას და ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობას ისევ განაგრძობენ.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.