სამწუხაროა, რომ ვერ შევასრულეთ დაპირება, საზოგადოებისთვის გვაქვს პასუხი გასაცემი იმაზე, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. და ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.
“საზოგადოებისთვის პასუხი გვაქვს გასაცემი იმაზე, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. ამისთვის არსებობს არჩევნები. და არჩევნების პროცესი დაწყებულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
“ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. ზოგადად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, 100-ჯერ და 1000-ჯერ ვზომავ, თუ პირდები, უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა. განვიცდი პირადად, განიცდის გუნდში ყველა, განიცდიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო. განიცდიან ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასცა დაპირება. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან, მაგრამ ვერ შევძელით შესრულება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია მეორედ 26 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით კვლავ დაშალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.
აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სესიისა და ბიუროს სხდომების დღეებში პარლამენტის შენობის პიკეტირებას და ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობას ისევ განაგრძობენ.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ამ წუთებში პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან ჯებირები მიიტანეს და ოპოზიციას პიკეტირების საშუალებას არ აძლევენ.