პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტში არსებობს ფორმატები და მზადყოფნა, აზრის დასაფიქსირებლად.
„მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენო ფორმატებს, ის რაც აქვთ სათქმელი, არუგმენტები, თქვან ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატით, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა და ამისთვისაა პარლამენტი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტის მიღება.
„პარლამენტს აქვს მისაღები 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქის, მთელი ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონმდებლობის ფარგლებში, ვისაც სურს გამოხატოს პროტესტი, ეს უფლება იქნება დაცული და მეორე მხრივ იმ მოქალაქეების ინტერესებიც, ვინც ელოდება, რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას, იქნება ასევე განუხრელად დაცული. ეს არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ამ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები. არ დაზარალდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს მოლოდინი, რომ პოლტიკური პროცესი იქნება პარლამენტში,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.