აქციის მონაწილეებმა დეპუტატ თემურ ჭკუასელს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.
მან პარლამენტის გვერდითა შესასვლელი პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. დეპუტატი ავტომობილით ცდილობდა, რომ პარლამენტის გვერდითა შესასვლელიდან ავტოსადგომზე შესულიყო.
„სირცხვილი, სირცხვილი“,-სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და დეპუტატს პარლამენტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
როგორც ჟურნალისტებს ჭკუასელმა განუცხადა, ის ძალადობას არ ემხრობა.
„ეს კარგია, მე რამე დავაშავე? მე იმას ვაპროტესტებ რაც ახლა ხდება, ძალადობა არ მომწონს არსად. ესეც ძალადობაა, აბა რა არის? სამსახურში მივდივარ. მე პროპორციულის წინააღმდეგ ხმა არ მიმიცია. ივანიშვილს უარი არ უთქვამს, მას უნდოდა, რომ ეს გასულიყო. სამჯერ დავესწარი შეხვედრას და ივანიშვილი ყველას ეუბნებოდა, რომ პროპორციული სისტემა უნდოდა“,-განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.