გიორგი კახიანი: თუ პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, შესაბამისი რეაგირება იქნება

539

პლენარული სხდომა, რა თქმა უნდა, ჩატარდება. თუ პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან და პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი, თუმცა, კანონის ფარგლებში.

„პლენარული სხდომა, რა თქმა უნდა, ჩატარდება ისე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. მე არ ვიცი ოპოზიცია რას გეგმავს, თუმცა, ნებისმიერი პროტესტის გამოხატვა არის მათი უფლება, ვგულისხმობ კანონისმიერ პროტესტს. მათ მიეცემათ ამის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულიც არის უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით კეთდება ეს, ერთადერთი პირობა არსებობს ამ შემთხვევაში და ეს არის ის, რომ კანონი არ უნდა დაირღვეს. თუ კანონი დაირღვა, პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოხდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისათვის, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. ასევე თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს იმ ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის”ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა” დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების “რეალური შანსი”.

მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. უმრავლესობის სხდომოს პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა “ქართული ოცნების” ოფისი წინ.

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ.