ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურე დაწესებულებებისთვის პირველადი რეგისტრაციის ვადები იცვლება

357

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურე დაწესებულებებისთვის პირველადი რეგისტრაციის ვადები იცვლება.

ამ მიმართულებით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კანონის არსებული რედაქციის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია პირველადი რეგისტრაცია, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, პირველადი რეგისტრაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ დაწესებულებათა ნაწილი, რომლებიც ფიზიკური პირის საწარმოს სტატუსით არიან დაფუძნებული, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ვერ რეგისტრირდებიან, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსი და შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი არ აქვთ.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას ახორციელებენ, შესაძლებლობა ექნებათ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიარონ. ამასთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების განმახორციელებელ პირებს შეეძლებათ 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნონ იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

“ერთი მხრივ, ინდივიდუალურ მეწარმეებს ვაძლევთ საშუალებას, რომ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდნენ და მეორე მხრივ, ვახანგრძლივებთ რეგისტრაციის ვადას 3 თვით, ანუ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.