პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

790

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომლის ერთ–ერთი ინიციატორი სამცხის დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილია, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ის საკრებულოს როლს ასუსტებს, რაც მიუღებელია.

ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდი ოპოზიციურ საკრებულოებს კონტროლის მნიშვნელოვან ბერკეტს ართმევს, ამ გზით ოპოზიციურ საკრებულოებს მმართველი გუნდის დავალებების შესრულება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – ის დაიშლება.

კოდექსში ცვლილებების ინიციატორები ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მერისთვის დაკისრებას საკანონმდებლო ხარვეზად აფასებენ. მათი აზრით, ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს და არა – მერი, ამიტომ არათანაზომიერია, ასეთ დროს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს – მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდეს.

ცვლილება მერის თანამდებობაზე ასარჩევად დაწესებულ ასაკობრივ ცენზსაც შეეხება და კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემთხვევაშო იგი 25 წლით განისაზღვრება.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუკი საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, როგორც საკრებულოს, ასევე მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.