თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს დაუკანონდა

364

თბილისის მერიის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.

მათივე ცნობით, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ გადასცეს.

„გვქონდა შესაძლებლობა, ნაძალადევის რაიონში 66 ოჯახისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაგვეცა. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ამ საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ასეთ ოჯახებს არსებული სივრცეების დაკანონებაში ეხმარება. ეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართები. დღეის მდგომარეობით, 3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა გადაცემული კერძო საკუთრებაში. მინდა, მივულოცო ყველა ასეთ ოჯახს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს მოუწოდა, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე, საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.