ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს

680

ოზურგეთში „ევროპული საქართველოს” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს.

ადგილზე პოლიციის გარდა იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები. მედიის თანახმად ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. პოლიცია აქცის მონაწილეებს ბოქლომის დადებისა და სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “დაბოქლომება” გაგრძელდება და ყველა მაჟორიტარამდე მივლენ.

“ჩვენი მოთხოვნაა, მომავალი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, რაც იყო ბიძინა ივანიშვილის დაპირება”, — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

“ევროპული საქართველო” დღეს “მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომების” აქციას მართავს. არჩილ თალაკვაძის გარდა, აქცია დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის, მამუკა მდინარაძის, მერაბ ქვარაიას, დიმიტრი მხეიძისა და იოსებ მაკრახიძის მაჟორიტარული ბიუროების “დაბოქლომება”.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი “აბოქლომებენ” მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.