USAID-ის წარმომადგენელი: თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობამ დამარწმუნა რომ საარჩევნო რეფორმა გავიდოდა

1013

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე საარჩევნო რეფორმას ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშნელოვნად მიიჩნევს.

ბროკ ბირმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

„სექტემბერში თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობამ დამარწმუნა, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები გავიდოდა. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით საჯაროდ გაცხადებული ვალდებულება არ შეასრულა.

საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური პლურალიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე მოვლენებს და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით იმუშაონ ერთად“, – წერს ბირმანი.

თბილისში ბირმანის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვეგბვერდზეც არის ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.