თბილისში მიმდინარე მოვლენებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ეხმაურება. ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებს, თუნდაც ეს სისხლის ფასად დაუჯდეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“ამათი მოსვლა უნდა ხალხს?! წარმოდგენა თუ გაქვთ ქვეყანაში რას დაატრიალებენ?! თუ გგონიათ, რომ რამეს ან ვინმეს დაინდობენ, ძალიან ცდებით. მე ისიც მეეჭვება, რომ ხალხი, ვინც ამათ ვებრძოდით წლების მანძილზე (ანუ უმრავლესობა და არა მათი 2 000 კაცი, ვინც მათ ზურგს უმაგრებს დღეს) საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდებით, ან შიშველი ხელებით.
მე ბევრისგან მსმენია, რას აპირებს ხალხი აქეთ მხარეს და მონაგონი იქნება ის, რაც გვახსოვს წლების წინ სამოქალაქო, შეიარაღებული დაპირისპირება რუსთაველზე!!! (ღმერთმა დაგვიფაროს ან ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ უღმერთოებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლების რომელიმე შტო) მე პირადად თავს შევაკლავ, ესენი თუ დაბრუნდნენ! აი, ახალგაზრდებო რა ხდებოდა იმ ავბედით წლებში! კარგად ნახეთ! მე პირდად, არ დავუთმობ ნაცებს ჩვენს წამებას, თუნდაც ეს სისხლის ფასად დამიჯდეს!“, – წერს ზურა ხაჩიძე.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, მეექვსე დღეა პარლამენტის შენობის წინ აქციები იმართება.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის გუშინ, 18 ნოემბერს, აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს გუშინ პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებულებს.
ამასთან. აქციის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.
ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად შემდეგ კი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას.
როგორც გუშინ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებდნენ, პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გაგრძელდა.