პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს.
“გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს.
ამ დროსითვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია. მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, როგორც თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას!”, -განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს პარლამენტთან დღეს აქციის დაშლის დროს დაკავებულებს.
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.
ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.
შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვების ნაწილი აღებულია, შენობის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და პარლამენტის ბიურო სხდომის ჩასატარებლად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება – გამომსვლელები სიტყვით გამოდიან.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება.