ზურა ხაჩიძე: ეს თანამდებობა პირველად სოზარ სუბარმა შემომთავაზა

1283

წინა სტატია

სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის ახლადდანიშნულმა მოადგილეემ, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ, ამ პოზიციაზე პირველი შემოთავაზება პრემიერმინისტრის მრჩევლის რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარისგან მიიღო.

“ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით, აზრები გავცვალეთ და მითხრა, რას ვფიქრობდი სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, რაზეც ჩემი თანხმობა მიიღო. ერთი კვირის წინ ბესიკ ამირანაშვილსაც შევხვდი და დღეს უკვე დავინიშნე.

ეს სამსახური ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. ჩემი ხელფასი არ ცდება 1 500 ლარს. მომღერლობიდან ბევრად მეტი შემოსავალი მქონდა. ძალიან რთული იყო წამოვსულიყავი, მაგრამ ჩემი რეგიონის სიყვარულმა წამომიყვანა,

მინდა რომ ჩემი გამოცდილება აქაურობას მოვახმარო. იმხელა გამოხმაურება ჰქონდა ჩემს დანიშვნას, ვფიქრობ, რომ ესეც პოპულარიზაციას გაუწევს რეგიონს.

ის ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც თითოეულ მუნიციპალიტეტში მერები გეგმავენ, თუ განხორციელდება, მეტი ვიზიტორი ეყოლება რეგიონს. სამცხე–ჯავახეთს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ყველაფრის პოპულარიზაცია არ ხდება“, – აცხადებს რწმუნებულის მოადგილე.

ზურა ხაჩიძე არ მალავს, რომ რეგიონში აქტიური კულტურული ცხოვრება არ არის. მისივე თქმით, რეგიონის კულტურულ ცხოვრებასაც კარგად იცნობს. ამიტომ ამ სფეროში 25-წლიან მენეჯერულ გამოცდილებას გამოიყენებს

“რამდენიმე დღის წინ ვეძებდი ინფორმაციას სამცხე–ჯაცვახეთის კულტურული ცხოვრების შესახებ და ძალიან ნაკლები იყო. ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც ისვენებს ბორჯომში, სამ დღეში ტოვებს აქაურობას. ეს იმიტომ, რომ კულტურული ცხოვრება არ არის აქტიური, ღონისძიებებია ნაკლები“, – აცხადებს ხაჩიძე.

ხაჩიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს რეგიონში ბევრი კულტურული ღონძიება, მათ შორის, მუსიკალური ფესტივალები აქვს დაგეგმილი. ამიტომ საკუთარ რესურსებს გამოიყენებს იმისათვის, რომ რეგიონში ნებისმიერი პროექტი გაშუქებული იყოს.

“ამ წლების მანძილზე უამრავი მეგობარი შევიძინე, ტელევიზიები, ჟურნალისტები, სააგენტოები. ვაპირებ ღია ვიყო ჟურნალისტებისთვის. რადგან მათ გარეშე ამ პროექტებს ვერ განვახორციელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ ეთნიკურად სომხური მოსახლეობა რეგიონის ცხოვრებაში, ის ადამიანები ცოტა მიტოვებულად გრძნობენ თავს“, – ამბობს რწმუნებულის ახალი მოადგილე.

ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ გუშინ დაინიშნა. ის რეგიონში კულტურის, სპორტის, განათლებისა და თვითმმართველობასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.