შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გამო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა.
“რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა. კერძოდ:
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია პარლამენტის შენობის მიმდებარე ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე;
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან სავაჭრო ცენტრ “მერანამდე” ორმხრივად აკრძალულია;
რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის გამზირის პარალელური თაბუკაშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ;
სოლოლაკიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელია დანიელ ჭონქაძის ქუჩის გავლით;
შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადისთვის თავისუფლების მოედნის გავლით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ პუშკინის და ლეონიძის ქუჩის გავლით.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საპატრულო ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ავტოტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებენ”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.
ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.
განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი ერთობლივი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით.