ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

341

წინა სტატია

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გვიან ღამით გადაიყვანეს. დაკავებულებს ბრალი დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში წარედგინებათ.

საქმეში ჩართული ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. ხოლო დაკავებულთა უფლებადამცველების ნაწილი კომენტარს საქმის დეტალების ვრცლად გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე წარმოებული გამოძიების მიხედვით გადაცდომა რამდენიმე რგოლშია აღმოჩენილი. კერძოდ – შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩატარებული სამუშაოებისას ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ დაქირავებულმა ორმა კერძო ელექტროშემდუღებელმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით სავარაუდოდ დააზიანა ელექტროსადენების იზოლაცია. „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ შესაბამისი ინსპექტირების გარეშე ჩაიბარა შესრულებული სამუშაო.

შემდგომში ფურცხვანიძისგან შესრულებული სამუშაო ასევე ინსპექტირების გარეშე ჩაიბარა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილმა. საქმეში გამოიკვეთა “მშენექსპერტის” დირექტორისა და ამავე კომპანიის ინსპექტორის ბრალეულობაც, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით დოკუმენტები გააყალბეს.

ლაშა ფურცხვანიძის გარდა შპს “გრინსერვის პლუსიდან” დაკავებულია კიდევ ორი თანამშრომელი. ასევე გულგრილობას ედავებიან „ნიუ მეტალ დიზაინის” წარმომადგენელსაც. გამოძიება გრძელდება. შსს დამნაშავეთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.