“ოცნების” უმრავლესობა ძიძიგურის გარდა “კონსერვატორების” კიდევ ორმა წევრმა დატოვა

767

წინა სტატია

საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, ამის მიზეზი პარლამენტის მიერ 14 ნოემბერს პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდება გახდა.

როგორც დეპუტატებმა “კონსერვატორების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ისინი მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლას და შესაბამისად, “ქართული ოცნების” დანაპირების შესრულებას. დაპირების არშესრულების შემდეგ კი ისინი საკუთარ პოლიტიკურ მომავალს საპარლამენტო უმრავლესობაში ვერ ხედავენ.

გარდა უმრავლესობისა, ზვიად ძიძიგური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც ტოვებს, თუმცა სამივე დეპუტატი ინარჩუნებს დეპუტატის მანდატს. როგორც ისინი ამბობენ, მათი ეს ნაბიჯი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და შესაბამისად, სამომავლო გეგმებზე საუბარი მათთვის ნაადრევია.

ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” წევრები არიან შემდეგი დეპუტატები: გიგია ბუკია, ნინო გოგუაძე, ზვიად ძიძიგური, რუსლან გაჯიევი, პაატა კვიჟინაძე და მუხრან ვახტანგაძე.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკია აცხადებს, უმრავლესობიდან გასული სამი დეპუტატისთვის უცნობია, რას იზამენ ფრაქციაში შემავალი სხვა წევრები – რუსლან გაჯიევი, პაატა კვიჟინაძე და მუხრან ვახტანგაძე.

15 ნოემბრის 12 საათის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. უმრავლესობის რიგები  “კონსერვატორების” სამი წევრის –  ზვიად ძიძიგურის, ნინო გოგუაძის და გიგა ბუკიას გარდა დატოვეს: გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა, თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ზაზა ხუციშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.