გახარიას პარტია საკრებულოებში ფარული კენჭისყრის პროცედურის გაუქმებას ითხოვს

892

მივმართავთ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკრებულოების წევრთა საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას, კერძოდ ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა.

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრებმა და დეპუტატებმა პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, მათ შორის, პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.

„მოგეხსენებათ, ადგილობრივი არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს დაესრულებინათ ერთპარტიული მმართველობა მუნიციპალურ დონეზე და დღეს მთელ რიგ საკრებულოებში წარმოდგენილია რამდენიმე პარტია.

სამწუხაროდ, ოცნება არჩევნების შემდეგაც აგრძელებს არჩევნებამდე დაწყებული უკანონო მეთოდების გამოყენებას და მოსყიდვით და მუქარით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ, ცდილობს უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა მოსყიდვის თუ მუქარის გზით გადაბირება ოცნებამ ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებისთანავე დაანონსა. შედეგად, ვიხილეთ ფარული მოლაპარაკებები, ადგილობრივი წარმომადგენლების მოსყვიდვის, დაშინებისა და გატაცების ფაქტებიც კი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენმა გუნდმა, მოქალაქეთა ნების რეალიზების მიზნით და მათი ინტერესებისთვის, არაერთხელ შევთავაზეთ პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებები, თუმცა, როგორც როგორც ვხედავთ, „ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროს – ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულვებელყოფა – ის უკანონო და ბინძური მეთოდებით ცდილობს საკრებულოებში უმრავლესობის შექმნას და ამას არათუ ერიდება, ამაყობს და გვიანონსებს უკანონობის გაგრძელებას!

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სააშკარაოზე გამოვიდეს ოცნების უკანონობა, ხოლო მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა საქმიანობის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, მათ შორის, პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურის თქმით, პარტია “საქართველოსთვის” მოითხოვს, პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან ახლადარჩეული საკრებულოების მიერ სწორედ ამჟამად მიმდინარეობს საკრებულოების მიერ თანამდებობის პირთა არჩევის/დანიშვნის პროცესები.

“ვითხოვთ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან ახლადარჩეული საკრებულოების მიერ სწორედ ამჟამად მიმდინარეობს საკრებულოების მიერ თანამდებობის პირთა არჩევის/დანიშვნის პროცესები.

შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს კანონპროექტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე გატანა;

მივმართავთ ოცნებას, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას, გაიხსენოთ, რომ ხელისუფლების, მათ შორის – ადგილობრივი ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი და შეწყვიტოს მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ვაჭრობა მაფიოზური წესებით;

ასევე მივმართავთ პარლამენტის თითოეულ წევრს, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ, საკრებულოების წევრთა საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას”- განაცხადა ანა ბუჩუკურმა