ეს არის ადამიანებზე ზეწოლის ძალიან კარგი ბერკეტი – სუბარი საკრებულოებში ღია კენჭისყრის ინიციატივაზე

399

წინა სტატია

ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ინიციატივას, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოებში თანამდებობის პირების არჩევა მოხდეს ღია კენჭისყრით და არა ფარულად, “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, ის, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული და გამართლებული, არ შეიძლება, იმის მიხედვით შეიცვალოს, რომელ პარტიას რა აწყობს.

“როგორ უნდა მოხდეს საკრებულოებში თანამდებობის პირების არჩევა. მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარისა და კოლეგებმა შემოგვთავაზეს, რომ ფარულობა არის დემოკრატიის პრინციპის დარღვევა. მთელ მსოფლიოში არის პირიქით, პარლამენტშიც პირიქით არის, ზეწოლა რომ არ მოხდეს საკრებულოს წევრზე, დეპუტატზე, მართლა თავისი სინდისით რომ გააკეთოს არჩევანი, ამისთვის არის ეს ფარულობა მოგონილი, განსხვავებით კანონპროექტებისგან, რომელსაც ღიად ვუყრით კენჭს. ახლა შემოგვთავაზეს ნოუჰაუ, ადამიანზე ზეწოლა რომ არ მოხდეს, საჭიროა ფარულობა დავარღვიოთ და ღიად მოხდეს კენჭისყრები. მე მგონია, რომ პირიქით, ეს არის ადამიანებზე ზეწოლის ძალიან კარგი ბერკეტი და როგორც ჩანს, ამისი სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როცა იყო მინიშნებები, გამოჩენილიყო ვინ ვის აძლევდა ხმას. ის, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული და გამართლებული, არ შეიძლება, გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და შევქმნათ ახალი ვითარება იმის მიხედვით, რომელ პარტიას რა აწყობს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის  საკრებულოებში თანამდებობის პირების არჩევა მოხდეს ღია კენჭისყრით და არა ფარულად. პარტიის წევრებმა შესაბამისი ჩანაწერით კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირეს. “საქართველოსთვის” მოითხოვს დაჩქარებული წესით განიხილონ მათი კანონპროექტი, ვინაიდან საკრებულოებში თანამდებობების განაწილება სწორედ ახლა მიმდინარეობს.