“ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გახდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი – ამის შესახებ ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს ინიციატივა გულისხმობს წყალტუბოს, როგორც საკურორტო ქალაქის, საკურორტო მიზიდულობის ცენტრის მთლიანად აღორძინებას, რაც არის გრანდიოზული ინიციატივა და ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობები დღემდე ვერ გაუმკლავდა, რადგან დიდი მასშტაბის ხარჯზეა საუბარი.
“ჩვენ, როგორც ხედავთ, ვცდილობთ წყალტუბოს განვითარებას – გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ წლების მანძილზე 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება. რატომ? იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, არის ძალიან დიდი გამოწვევა იმაში, რომ წყალტუბომ დაიბრუნოს ყოფილი დიდება, როცა ის იყო საერთაშორისო მნიშვნელობის გამაჯანსაღებელი ცენტრი. ეს კურორტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველსავე წლებში დაინგრა, გაჩანაგდა და პრინციპში, მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია და ეს ნათელი გახდა. ცალკეული ბიზნესები ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ გარკვეული პროექტების განხორციელებას, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს წყალტუბო და რასაც იმსახურებს საქართველო“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში კურორტის აღდგენა არის მთლიანად ქველმოქმედება.
“მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს ერთიან პაკეტად 21 მილიონ ლარად ყიდდა, თუმცა აუქციონი ჩაიშალა. დღეს კი “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიზინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ წყალტუბოში ყველა სასტუმროს შეისყიდის და აღადგენს.
ამასთან, ქონების ეროვნული სააგენტო ახლა არკვევს, წყალტუბოში რამდენი სანატორიუმია მათ მფლობელობაში და რას ყიდულობს მათგან ივანიშვილი.