სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის.
უწყების ცნობით, ყოფილ სანატორიუმებს ფუნქცია არ შეეცვლებათ და კვლავ სასტუმროები უნდა გაიხსნას, თუმცა, კონკრეტული საპრივატიზებო პირობების ჩამოყალიბება ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი დაინტერესებების საფუძველზე მოხდება.
რაც შეეხება ამ ქონების საპრივატიზებო ღირებულებას, როგორც სააგენტომ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, 2018 წლის შეფასებების მიხედვით, სანატორიუმ “იმერეთის“ საპრივატიზებო ღირებულება 3 002 000 ლარია, პანსიონატ “სავანეს“ ღირებულება – 2 058 000, სტალინის აგარაკის, სანატორიუმ “წყალტუბოსი“ – 8 457 000 ლარი, სანატორიუმ “ფილიალის“ – 1 969 100 ლარი, ხოლო სანატორიუმ ‘მეგობრობის“ – 5 232 300 ლარი.
“ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ასევე, განუმარტეს, რომ გაყიდვის წინ კვლავ მოხდება სანატორიუმების ღირებულების გადაფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საპრივატიზებო ღირებულება მცირედით შეიცვალოს, ან უცვლელი დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სანატორიუმები სახელმწიფო საკუთრებაშია და მისი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემა არ მომხდარა.