სამეგრელო-ზემო სვანეთის 8 მუნიციპალიტეტში 55.2 მილიონი ლარის 1 394 პროექტი განხორციელდება

1323

მესტიის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, ჩხოროწყუს, სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 55.2 მილიონი ლარის 1 394 პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენს, სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის 6.7 მილიონი გამოიყო და ჯამში 1 098 პროექტი განხორციელდება. პროგრამით დაფინანსებული 74 პროექტი კი უკვე დასრულებულია.

უწყების ცნობით, რეგიონებებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სამეგრელო-ზემო სვანეთის 8 მუნიციპალიტეტს ჯამში 39.5 მილიონი ლარის ღირებულების 102 პროექტი უფინანსდება. რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან – 5.3 მილიონის 93 პროექტი, ხოლო სტიქიის პრევენციისთვის – 3.2 მილიონი ლარის ღირებულების 32 პროექტი დაუფინანსდა.

გარდა ამისა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 10-მილიონიანი ბიუჯეტიდან 2 პროექტისთვის ჯამურად 500 000 ლარი, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან კი – 93 პროექტისთვის 5.3 მილიონი ერგო.