სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 20 მილიონით გაიზრდება

1211

წინა სტატია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 20 მილიონით გაიზრდება. ინფორმაციას droa.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში უდასტურებენ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ დროისთვის მიმდინარეობს დადგენილების პროექტზე მუშაობა და ის მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება.

2017 წელს გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს აღდგა, თუმცა, მისი ბიუჯეტი, წინა წლებთან შედარებით, 30 მილიონით ნაკლებით – მხოლოდ და მხოლოდ 20 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც, ცხადია, 3000-ზე მეტი სოფლისთვის, მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ძალიან მწირი თანხა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით თანხების გაზრდა შეუძლიათ, ამ მხრივაც რეალობა რთულია – ბევრი მუნიციპალიტეტი საკუთარი შემოსავლებიდან თანხის გამოყოფას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უკვე ვწერდით, პროგრამას დასაწყისშივე ხარვეზები აღმოაჩნდა. მაგალითად, ის სოფლები, რომლებშიც მოსახლეობა რეგისტრირებული არაა, მაგრამ ადამიანები იქ წლის განმავლობაში 6-9 თვეს ატარებდნენ, დაფინანსებას ვერ იღებდნენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას უკვე მისცემს და მათზე ეკონომიებით მიღებული თანხები დაიხარჯება.

უწყებაში, ასევე, განგვიმარტეს, რომ დამატებით გამოყოფილი 20 მილიონი ლარი სოფლებზე პროპორციულად განაწილდება. ასევე, სავარაუდოდ, შეიცვლება დღეს მოქმედი დადგენილების ნორმა, რომლითაც რამდენიმე სოფელს არ აქვს შესაძლებლობა, ერთობლივად მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც, შესაძლოა, ორ ან რამდენიმე სოფელს ერთობლივად აწუხებდეს. მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის იმ სისტემების რეაბილიტაცია, რომელიც ორ ან რამდენიმე სოფელს ამარაგებს, საბავშვო ბაღი, რომელიც რამდენიმე სოფლის ბავშვებს ემსახურება და ა.შ.

პროცედურულად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა მოამზადოს დადგენილების პროექტი და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარუდგინოს. თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები იმედოვნებენ, რომ პროცესი დროში არ გაიწელება, მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელსვე გაორმაგებული ბიუჯეტით განხორციელდება.

ჯერჯერობით, კვლავ არ არის გადაწყვეტილი, როდის დაიწყება აჭარაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება. რეგიონში პროგრამა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან აღარ ფინანსდება. ამჟამად აჭარის მთავრობა საკუთარ ბიუჯეტში შესაბამის სახსრებს იძიებს, რომ პროგრამა დამოუკიდებლად, აჭარის 322 სოფლისთვის განახორციელოს.