ალვანის მოსახლეობისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

769

წინა სტატია

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ალვანის მოსახლეობისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თითქმის ერთი საათია, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები მოსახლეობას თუშეთის გზაზე არსებულ მდგომარეობაზე და გზის გაწმენდის დაგეგმილ სამუშაოებზე აწვდიან ინფორმაციას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის, გოგა წერეთლის განმარტებით, უახლოს დღებში ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე მძიმე ტექნიკა ინტენსიურად გააგრძელებს სამუშაოებს, რისთვისაც ტექნიკა დაემატება.

“შევისწავლეთ დაზიანებული ტერიტორია, რისთვისაც გადაწყდა, რომ დაემატება შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები დაჩქარებული წესით გაგრძელდება. ამისთვის 10 დღე მაინც დაგვჭირდება“, – აღნიშნა წერეთელმა.

მოსახლეობა კი საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციას უნდობლობას უცხადებენ და შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მათ დისკუსიის დროს საგზაო დეპარტამენტს განუმარტეს, რომ 10 დღე გზის გაწმენდისთვის ბევრია და ეს ტურისტული სეზონს საფრთხეს უქმნის.

მოსახლეობასა და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სავტომობილო გზაზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. მიზეზი გზის 56- ე კილომეტრზე, ხელოვნურ ტბაში წყლის დონის მატებაა, რამაც სავალი ნაწილი დატბორა. გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე კი, ადგილობრივებმა თუშეთის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს.

სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით აქცია ერთი თვის წინაც გამართა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან არსებულ ვითარებას გუშინ ადგილზე გაეცნენ. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის აღსადგენად დამატებითი ტექნიკა იმუშავებს.