ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ნაწილი დაიტბორა

1158

თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შემდეგ გასულ წელს გაკეთებული გზა ისევ წყლით დაიფარა. გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ვერ გადაადგილდებიან. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელი ლადო კახოიძე ამბობს, რომ საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში იმსჯელეს და პრობლემის მოგვარება მყისიერად დაიწყება.

“გზის გაწმენდითი სამუშაოები 56-ე კილომეტრამდეა მისული, სწორედ იმ ტერიტორიამდე, საიდანაც ხელოვნური ტბა იწყება. თუმცა პრობლემა ახლა ტბის მიმდებარედ გაყვანილი გზაა, რომელიც მთაში თოვლის დნობის გამო წყლის მასამ დაფარა. შეიძლება გზა ამაღლდეს ან წყლის დონის დაწევა მოხდეს. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. ამის შემდეგ გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება”, – ამბობს კახოიძე.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.

თუშეთს გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული იყო, თუმცა უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა 150 მეტრამდე გზა წაიღო. დაზიანებულ მაგისტრალზე სამუშაოები ინტენსიური რეჟიმით გრძელდება.