ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, თუშეთის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ადგილობრივებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად დაგუბებული ტბა ნაწილობრივ მაინც დაცალონ, სხვა შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით აპირებენ მოქმედებას.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კი სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო ვერ დააკონკრეტა. თუმცა, გივი მეტრეველმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პრობლემის დროულად მოგვარება მათ ინტერესებშია.
ამ დროისათვის თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სავტომობილო გზაზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. მიზეზი გზის 56- ე კილომეტრზე, ხელოვნურ ტბაში წყლის დონის მატებაა, რამაც სავალი ნაწილი დატბორა.
სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით აქცია ერთი თვის წინაც გამართა.