რამდენით ფინანსდებოდა კახეთის მუნიციპალური ბიბლიოთეკები 2018-2022 წლებში

537

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ანანო გოშაძე

რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია კახეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა. ინფორმაცია მოიცავს 7 მუნიციპალიტეტის – დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და ახმეტის მონაცემებს. რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტს, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მერიის შესაბამისმა სამსახურმა არ მოგვაწოდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 14 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. მათგან ერთი – დედოფლისწყაროს ცენტრალური ბიბლიოთეკა ქალაქ დედოფლისწყაროში მდებარეობს, დანარჩენი 13 კი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში – ზემო მაჩხაანში, მირზაანში, არბოშიკში, ოზაანში, გამარჯვებაში, ხორნაბუჯში, სამრეკლოში, ზემო ქედში, არხილოსკალოში, ქვემო ქედში, სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში.

როგორც მერიიდან მიღებული ინფორმაციიდან ვიგებთ, 2018-2022 წლებში რეაბილიტაცია არცერთ ბიბლიოთეკას არ ჩატარებია. არ გახსნილა არც ახალი ბიბლიოთეკა.

5 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბიბლიოთეკების დაფინანსებამ, ჯამში, 345 000 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 და 2019 წელს – 57 000-57 000, ხოლო 2020-2022 წლებში 77 000-77 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა, გამოყოფილი თანხების მიუხედავად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წიგნადი ფონდის გასაახლებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 20 ბიბლიოთეკაა. მათგან ორი – სიღნაღის საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკები ქალაქ სიღნაღში მდებარეობს. დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებშია – დაბა წნორში, ანაგაში, ვაქირში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ძველ ანაგაში, ხირსაში, ხორნაბუჯში, ერისიმედში, ქვემო მაჩხაანში, ნუკრიანში, კალოებში, ზემო ბოდბეში, ქვემო ბოდბეში, ქვემო მაღაროსა და ილიაწმინდაში.

მერიიდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 5 წლის განმავლობაში 20 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ ერთს – სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკას ჩაუტარდა 2018 წელს რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამაც 100 963 ლარი შეადგინა.

2018-2022 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკები ჯამში 452 701 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 76 617 ლარით, 2019 წელს – 87 022 ლარით, 2020 წელს – 94 702 ლარით, 2021 წელს – 96 520 ლარით, ხოლო 2022 წელს – 97 840 ლარით.

ბოლო 5 წლის განმავლობაში სიღნაღის მერიამ წიგნების შესაძენად 10 090 ლარი გამოყო, ანუ თითო ბიბლიოთეკაზე საშუალოდ 504,5 ლარი. ყველაზე ნაკლები თანხა მერიას 2018 წელს გამოუყვია – 520 ლარი. 2019 წელს თანხა 3 070 ლარამდე გაიზარდა, 2020 და 2021 წლებში – 2 000-2 000 ლარი, ხოლო 2022 წელს წიგნადი ფონდის შესავსებად 2 500 ლარი დახარჯულა.

თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტში 27 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: მთავარი ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, ახალგაზრდობის ბიბლიოთეკა, №1 და №2 საქალაქო ბიბლიოთეკები, აკურის, ვანთის, ბუშეტის, ქვემო ხოდაშნის, წინანდლის, კონდოლის, კისისხევის, შალაურის, კურდღელაურის, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, რუისპირის, ახატლის, ყარაჯალის, გულგულის, ნაფარეულის, ლაფანყურის, სანიორის, ართანის, ფშავლისა და ლალისყურის სასოფლო ბიბლიოთეკები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2018-2022 წლებში რეაბილიტაცია 27 ბიბლიოთეკიდან არცერთს არ ჩატარებია. არ გახსნილა ახალი ბიბლიოთეკაც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018-2022 წლებში ბიბლიოთეკები ჯამში 1 383 600 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 234 000 ლარით, 2019 წელს – 279 800 ლარით, 2020 წელს – 288 800 ლარით, 2021 წელს – 289 000 ლარით, ხოლო 2022 წელს – 292 000 ლარით.

რაც შეეხება წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხებს, ამისათვის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სულ 88 000 ლარი იყო გამოყოფილი. 2018 და 2019 წლებში – 14 000-14 000 ლარი, ხოლო 2020, 2021 და 2022 წლებში – 77 000-77 000 ლარი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სულ 4 ბიბლიოთეკაა: ცენტრალური ბიბლიოთეკა, სოფლების – კაკაბეთის, პატარძეულისა და  ნინოწმინდის ბიბლიოთეკები.

2018-2022 წლებში არც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს ჩატარებია რეაბილიტაცია. არ გახსნილა არც ახალი ბიბლიოთეკა.

ამ ხუთი წლის მანძილზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკებისთვის 325 386 ლარი გამოყო. კერძოდ, 2018 წელს – 56 718 ლარი, 2019  წელს – 60 125 ლარი, 2020 წელს – 54 085 ლარი, 2021 წელს – 63 835 ლარი, ხოლო 2022 წელს – 90 623 ლარი.

მზარდი დაფინანსების მიუხედავად, 2018-2022 წლებში წიგნების შეძენას ყოველ წელს 4 300 ლარი ხმარდებოდა, გამონაკლისი 2020 წელი იყო – ამ წელს წიგნების შესაძენად ბიბლიოთეკებისთვის თანხა არ გამოუყვიათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 13 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: გურჯაანის, ვეჯინის, ბაკურციხის, კაჭრეთის, არაშენდის, ქოდალოს, ჯიმითის, ვაჩნაძიანის, კარდენახის, ნანიანის, ზეგაანის, გურჯაანისა და ველისციხის ბიბლიოთეკები.

მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2018-2022 წლებში რეაბილიტაცია არ ჩატარებია არცერთ ბიბლიოთეკას. არ გახსნილა არც ახალი ბიბლიოთეკა.

2018-2022 წლებში გურჯაანის მერიამ ბიბლიოთეკები 1 910 300 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 268 300 ლარით, 2019 წელს – 315 000 ლარით, 2020 წელს – 318 000 ლარით, 2021 წელს – 345 000, ხოლო 2022 წელს თანხა თითქმის გაორმაგდა და მან 664 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება წიგნების ფონდის შევსებას, მერიამ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამისათვს 17 937 ლარი დახარჯა. აქედან 2018 წელს – 4 987 ლარი, 2019 წელს – 2 686 ლარი, 2020 წელს – 4 843 ლარი, 2022 წელს კი – 5 421 ლარი. გამონაკლისი 2021 წელი იყო – ამ წელს მუნიციპალური ბიუჯეტიდან წიგნების შესაძენად თანხა არ გამოყოფილა.

ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტში 12 ბიბლიოთეკაა: ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მთავარი ბიბლიოთეკა, საქალაქო ბიბლიოთეკა, ზემო ხოდაშენის, მატნის, კასრისწყლის, ქვ.ალვნის, ზემო ალვნის, ჯოყოლოს, საკობიანოს , მაღრაანის, დუისისა და ხალაწნის სასოფლო ბიბლიოთეკები.

12 ბიბლიოთეკიდან, 2018-2022 წლებში, რეაბილიტაცია არ ჩატარებია არცერთს. არ გახსნილა ახალი ბიბლიოთეკაც.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკები მერიის მიერ ჯამში 12 923 ლარით დაფინანსდა. კერძოდ, 2018 წელს – 3 757 ლარით, 2019 წელს – 4 158 ლარით, 2020 წელს – 2 408 ლარით, 2021 წელს – 2 211 ლარით, 2022 წელს კი – 389 ლარით.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018-2022 წლებში წიგნების შესაძენად 9 286 ლარი დაიხარჯა. 2018 წელს – 3 084 ლარი, 2019 წელს – 3 268 ლარი, 2020 წელს – 1 575 ლარი, ხოლო 2021 წელს – 1 359. 2022 წელს, როცა დაფინანსება მიზერული იყო, არც წიგნების შესაძენად გამოყოფილა თანხა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 5 ბიბლიოთეკაა: ქ. ლაგოდეხის ბიბლიოთეკა, ვარდისუბნის, კართუბანის, გიორგეთისა და ლელიანის ბიბლიოთეკები.

2018-2022 წლებში ხუთი ბიბლიოთეკიდან რეაბილიტაცია არცერთს არ ჩატარებია. არ გახსნილა ახალი ბიბლიოთეკაც.

2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკები 211 850 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 30 850 ლარით, 2019 წელს – 43 600 ლარით, 2020 წელს – 45 400 ლარით, 2021 წელს – 41 200 ლარით, ხოლო 2022 წელს – 50 800 ლარით.

ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მერიამ წიგნების ფონდის შესავსებად 9 970 ლარი დახარჯა. აქედან 2018 წელს – 435 ლარი, 2019 წელს – 2 595 ლარი, 2020 წელს – 2 950 ლარი, 2021 წელს – 2 998 ლარი, 2022 წელს კი – 992 ლარი დაიხარჯა.