ფშაველი-აბანო-ომალოს გზის აღსადგენად დამატებითი ტექნიკა იმუშავებს

1104

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

შაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-ზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაიწყება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს არსებული ვითარება და პრობლემების გადაჭრის გზებს დასახავენ.

“გავეცანით ადგილზე არსებულ ვითარებას, 56-ე კმ-ზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია და წყლის დონე შედარებით დაკლებულია. კომისიამ, ასევე, შეისწავლა სტიქიის გამომწვევი მიზეზები და თბილისში დაბრუნებისთანავე დაისახება კონკრეტული ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით, არსებული ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა 56-ე კმ-ზე გზის აღსადგენად ტექნიკა დაემატოს, რაც პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 56-ე კმ-ის გარდა, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. ასევე, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტირება 3 კვირაა გრძელდება და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა. ამის შემდეგ დაიწყება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

უწყებათშორის კომისიაში შედიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამ დროისათვის თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სავტომობილო გზაზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. მიზეზი გზის 56- ე კილომეტრზე, ხელოვნურ ტბაში წყლის დონის მატებაა, რამაც სავალი ნაწილი დატბორა. დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე კი, ადგილობრივებმა თუშეთის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს.

სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით აქცია ერთი თვის წინაც გამართა.